გია ვოლსკი - ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა გარკვეულ საკითხებზე პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, დღევანდელი აქცია არ მაძლევს საფუძველს, ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ
გია ვოლსკი - ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა გარკვეულ საკითხებზე პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, დღევანდელი აქცია არ მაძლევს საფუძველს, ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ

ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია გარკვეულ საკითხებზე, დღევანდელი აქცია და მისი შინაარსი არ მაძლევს საფუძველს, რომ ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, თაღლითური ტყუილია, თითქოს „ქართული ოცნება“ მოწყდა საზოგადოების პოზიციებს.

„ევროკომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო იმ საგანგებო ვითარების გამო, რომელიც შექმნილია უკრაინის მიმართ განხორციელებული გაუგონარი აგრესიის ფონზე, მაგრამ საუბარი, რომ უკრაინის უბედურების ფონზე გაიხსნა ფანჯარა და არიქა, ამ ფანჯარაში უნდა შევიდეთ ისე, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ იყოს ნორმალურ ჩარჩოში ჩასმული, რასაკვირველია, ეს ადამიანების შეცდომაში შემყვანია. ნებისმიერ საკითხზე ყველას მიმართ ერთნაირი მოთხოვნებია, განსხვავება არის ის, რაც ხდება უკრაინაში და უკრაინის გამო მეზობელ მოლდოვაში. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია გარკვეულ საკითხებზე. დღევანდელი აქცია და მისი შინაარსი არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ. განცხადებები, რომ პირობები არ შესრულდება, დეოლიგარქიზაცია მათთვის მიუღებელია, არის თაღლითური განცხადებები იმის გასამართლებლად, თუ რატომაა პოლიტიკური ნიშნით და ჩამოყალიბებული პოზიციით დაგეგმილი ეს აქცია, რაც მათი მიზნით, დესტაბილიზაციაში უნდა გადაიზარდოს.

რასაკვირველია, აქციაზე ბევრი ადამიანი მივა, ვინც ასე არ ფიქრობს და გულწრფელი დამოკიდებულება აქვს, რათა ევროპას საზოგადოების ერთიანობა დაანახოს, მაგრამ გამოკითხვაც იგივეს აჩვენებს, საზოგადოების 85 პროცენტი სწრაფი განვითარების მომხრეა. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ 85 პროცენტიდან უმეტესობა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ეკუთვნის. თაღლითობა სწორედ იმაშია, თითქოს „ქართული ოცნება“ არის ისეთი წარმონაქმნი, რომელიც მოწყდა საზოგადოების პოზიციებს, რაც აბსოლუტურად არათუ სწორია, არამედ უზნეო, თაღლითური ტყუილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსატყუებლად“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.