გია ვოლსკი - ევროკომისია თუ დათანხმდება შენიშვნებს, რომლებიც ვენეციის კომისიას აქვს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, შესაძლოა, კანონი არც ამოქმედდეს
გია ვოლსკი - ევროკომისია თუ დათანხმდება შენიშვნებს, რომლებიც ვენეციის კომისიას აქვს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, შესაძლოა, კანონი არც ამოქმედდეს

ევროკომისია თუ დათანხმდება შენიშვნებს, რომლებიც ვენეციის კომისიას აქვს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, შეიძლება, არც ამოქმედდეს კანონი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

„დეოლიგარქიზაციის კანონი არის პერსონალიზებული. ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პროფესიონალური შენიშვნები აქვს, რომ უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა – საგადასახადო, კონკურენციის და სხვა თემებია. მისაღები შენიშვნებია, მაგრამ ვინაიდან რეკომენდაცია სწორედაც დეოლიგარქიზაციის თემას გულისხმობდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და ამოქმედების ვადა იყოს 2024 წლის პირველი მარტისთვის ან სხვა თარიღი. რეკომენდაციის მიმცემი ევროკომისია თუ დათანხმდება შენიშვნებს, რომლებიც ვენეციის კომისიას აქვს, შეიძლება, არც ამოქმედდეს ეს კანონი. სხვა მიმართულებით, რაც კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს, ჩვენ ყველგან საკმაოდ მყარი და კარგი საერთაშორისო სტანდარტის მქონე პოზიცია გვაქვს. ალბათ დეკემბერში გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. თუ იტყვიან, რომ ეს არის კანონი, რომელიც რეკომენდაციებს ითვალისწინებს, ჩვენ ეს უნდა ავამოქმედოთ, როგორც გვაქვს პირობა მიცემული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.