გია ვოლსკი - ევროკავშირს ჩვენთან საგარეო კურსის მხრივ საპრეტენზიო არ აქვს, რაღაც საკითხები ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას ეხება
ევროკავშირს ჩვენთან საგარეო კურსის მხრივ საპრეტენზიო არ აქვს, რაღაც საკითხები ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ევროპული სტანდარტით ატარებს არჩევნებს.
„ევროკავშირს ჩვენთან არავითარი საპრეტენზიო არ აქვს იმ ნაწილში, რასაც საგარეო კურსი ჰქვია. რაღაც საკითხები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც უნდა ვაღიაროთ, მაგრამ არდამთხვევა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში არ შევდივართ. ვერ შევდივართ, რადგან ეს ქვეყანას გაანადგურებს. ჩვენს მიდგომებს შორის სხვა სხვაობა არ არსებობს. კიდევ გარკვეული თემებია, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას ეხება, აქაც ძალიან მკაცრები არიან ჩვენთან.
მხოლოდ ორი ქვეყანა – უნგრეთი და სლოვაკეთი არიან ძალიან პრინციპულები, სადაც, მნიშვნელოვანწილად, კონსერვატიული დამოკიდებულებაა გარკვეული ღირებულებების მიმართ, რაც დანარჩენ ევროპაშია დაშვებული, თუნდაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ჩვენს შორის სხვა არანაირი სხვაობა არ არის. ეს არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული სტანდარტით ატარებს არჩევნებს და, რაც მთავარია, ეს არჩევნები არ გაყალბებულა. ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა გადაწყვეტილება მიიღება რაიმე ნეგატიური ან მკაცრი საქართველოს მიმართ, ეს უსამართლობაა და პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.