გია ვოლსკი - ევროდირექტივა არსებობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსგავსი იყოს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ეს პროცესი უკვე დაიწყო საფრანგეთმა
გია ვოლსკი - ევროდირექტივა არსებობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსგავსი იყოს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ეს პროცესი უკვე დაიწყო საფრანგეთმა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროდირექტივა არსებობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსგავსი იყოს მიღებული ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ. ჯერ გადაწყვეტილება არ არის და, დიდი ალბათობით, არც იქნება“.

„ევროდირექტივა არსებობს, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში იყოს მიღებული. ეს პროცესი საფრანგეთმა უკვე დაიწყო და ამ თემაზე სერიოზული დაპირისპირებაა. ევროპულ კულტურას კამათი, დაპირისპირება ახასიათებს. ამ საკითხებზე და ერთი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას თარჯიმანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეგნებულად დაუშვა უზუსტობა.

„შოლცს საქართველოს მიმართ არათუ რუსული თემა არ უხსენებია, არამედ არც აგენტები, თუმცა, სამწუხაროდ, თარჯიმანმა შეგნებული უზუსტობა დაუშვა და ასეთი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. შოლცის განცხადება ვრცელ დიაპაზონს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის, თუმცა ეს ცუდი არ არის. დიპლომატიური პასუხი ჰქონდა – როგორ განვითარდება მოვლენები ევროპაში, როგორი იქნება პოზიციები თავად ევროსტრუქტურებში ევროდირექტივაზე. შოლცმა ვრცლად ისაუბრა, რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს და, რასაკვირველია, ამ ფონზე, საქართველოს მმართებს, ისეთი სისტემა ჰქონდეს, რომელიც გამჭვირვალეს გახდის საზღვარგარეთიდან ფულის შემოდინებას. რუსულ კანონთან მიმართებით ისეთი განსხვავებაა, როგორც ცა და დედამიწა. რუსული კანონი ხისტია და საკმაოდ სერიოზულ სადამსჯელო ზომებს ითვალისწინებს. ეს ჩვენს კანონპროექტს არ ახასიათებს. სიხისტე ახასიათებს იმ პროექტსაც, რაც ევროკავშირში განიხილება. ჩვენს სივრცეში ძალიან ცოტაა მსჯელობა იმის თაობაზე, რა ხდება მსოფლიოში და რა პროცესები მიმდინარეობს. ეს არის ძალიან მძიმე, საშიში პროცესები. მით უმეტეს, საომარი მოქმედებების ესკალაცია მიმდინარეობს მეზობლად და ქვემეხების ხმა უკვე აშკარად ისმის ჩვენს რეგიონში. დაპირისპირება იმდენად ბრუტალურია, რომ ამან შეიძლება, საკმაოდ სერიოზული გავლენა მოახდინოს ყველა მიმართულებით. ამ ვითარებაში სტაბილურობას როცა შეინარჩუნებ, ამით უნდა იმსჯელო. საკამათო როცა არაფერია, თემად  შემოაქვთ „რუსული კანონი“, ყურით მოთრეული თემა, რაც ბედოვლათი ოპოზიციის ხელში ერთადერთი საკითხია. მათი მხრიდან არავითარი ანალიზი არ ხდება იმ ვითარების, რაც რეგიონშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.