გია ვოლსკი - ეუთო-ს მინისტერიალზე მიღებული დოკუმენტი მოიცავს ყველა საკითხს, დაწყებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით, დამთავრებული რუსეთის კიბერშეტევით
ეუთო-ს მინისტერიალზე მიღებული დოკუმენტი მოიცავს ყველა საკითხს, დაწყებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით, დამთავრებული რუსეთის მხრიდან საქართველოზე კიბერშეტევით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ვოლსკის შეფასებით, დოკუმენტში ის საკითხებია ჩამოთვლილი, რის გამოც რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის.
„ეუთო-ს მინისტერიალზე მიღებული დოკუმენტი მოიცავს ყველა საკითხს. საკითხების ძალიან ფართო სპექტრია განხილული, დაწყებული იმ დარღვევებიდან, რასაც ჰქვია ჰუმანიტარული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დამთავრებული კიბერშეტევით, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა. არც ერთი დეტალი არ არის დატოვებული ამ დოკუმენტში. არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო დამოკიდებულებისთვის მნიშვნელოვანია ყველა საკითხო, რომელიც ამ დოკუმენტშია ჩამოთვლილი. სწორედ ის არის, რისთვისაც რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის. მსოფლიო დაპირისპირება გრძელდება და საქართველოს თემა არის ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელობის საკითხი ამ დაპირისპირებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.