გია ვოლსკი - ეს არის „ნაცმოძრაობის“ ბრძოლა, რომელიც ცდილობს, უკიდურეს ფონზე შექმნას დღის წესრიგი, რომელიც აწყობს
გია ვოლსკი - ეს არის „ნაცმოძრაობის“ ბრძოლა, რომელიც ცდილობს, უკიდურეს ფონზე შექმნას დღის წესრიგი, რომელიც აწყობს

ეს არის „ნაცმოძრაობის“ ბრძოლა, რომელიც ცდილობს, უკიდურეს ფონზე შექმნას დღის წესრიგი, რომელიც აწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ „ნაცმოძრაობამ“, ისევე როგორც „ახალმა ნაცმოძრაობამ“ და კიდევ რაღაც პატარა პარტიებმა თუ ერთკაციანმა პარტიებმა მიაღწიეს გარკვეული ნარატივის შექმნას ამ მიტინგზე, რეალური სიტუაციის შეფასების დრო არავის დარჩა და ფაქტობრივად, ამ რუსული თემის, რუსეთთან მიმართებაში შექმნილი პრობლემის ნარატივად ჩამოაყალიბეს, თითქოსდა ეს არის მთავარი პრობლემა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლეს დონეს მიაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის სისტემასთან დაახლოების საქმეში. აქეთ მხარეს კიდევ ცდილობენ, რომ ისედაც უკიდურეს ნიშნულზე მყოფი ქართულ-რუსული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბონ, ვინიცობაა და ამ საკითხს მოყვეს კიდევ მეტი დაძაბულობა, კიდევ მეტი აგრესია, ეკონომიკური ემბარგო და მთლიანობაში აირიოს ქვეყანა, რომ შემდეგ როგორმე მოახერხონ და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.

რეალურად, ეს არის ბრძოლა „ნაცმოძრაობის“, რომელიც ცდილობს, რომ ამ უკიდურეს ფონზე, რასაც ქვია ადამიანების დაზიანება, რაც მოხდა სამწუხაროდ, შექმნას ეს დღის წესრიგი, რომელიც მას აწყობს. მესმის იმ ხალხის, ვინც ითხოვს, რომ არ იყვნენ პოლიტიკოსები აქციაზე, თუმცა ვფიქრობ, უფრო მეტი პრეტენზია ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ იგივე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც გაშლილი დროშით შემოუძღვა რუსეთის საოკუპაციო ძალებს. ეს თემა არის რეალურად საორჭოფო და ამ თემის გარშემო მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება და წინა პლანზე წამოწეული ყავთ ხალხი. ერთი, რომელიც დააპირისპირეს პოლიციას და მეორე, რომელიც ცდილობენ ამ უბედურების ფონზე, რაც დაატყდა რამდენიმე ადამიანს და დაზიანდა, შექმნან სკანდალური გარემო. ვიზრუნოთ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ეს არის მთავარი თემა. სტუდენტებისაც მესმის, თუმცა ასე ხაზგასმით მხარდაჭერა ან პოლიტიკური ნიშნით შეფასების არც უნარი მაქვს ახლა, რადგან არ მაქვს სრული ინფორმაცია, რას ფიქრობენ და ვინ არიან. მაგრამ ფაქტია, რომ პარტია რომელიც ცდილობს, წაიყვანოს პროცესი, არის პროვოკაციებზე ორიენტირებული და მგონი საზოგადოების უდიდეს ნაწილს კარგად ესმის ეს ყველაფერი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.