გია ვოლსკი - ექსტრემისტებად გადაქცეული პოლიტიკური ჯგუფები ისევ იმუქრებიან, არცერთი პოლიტიკური გუნდის მხრიდან არ უნდა იყოს დაშვებული ის უბედურება, რაც „ნაცმოძრაობამ“ საქართველოს დააწია
ექსტრემისტებად გადაქცეული პოლიტიკური ჯგუფები ისევ იმუქრებიან. „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ არცერთი პოლიტიკური გუნდის მხრიდან არ უნდა იყოს დაშვებული ის უბედურება, რაც საქართველოს დააწიეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას, სადაც ბოკუჩავამ აღნიშნა: „ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე მოხდება“.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, აწ უკვე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სხვადასხვა ფრთაზე გაშლილი ექსტრემისტებად გადაქცეული პოლიტიკური ჯგუფები ისევ იმუქრებიან. რეალურად, ამ კომისიის შექმნის აუცილებლობაც ამან განაპირობა. იმ პერიოდში, როცა უდიდესი დანაშაულები ხდებოდა ქვეყნის წინაშე, არათუ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ მომავალზე, არამედ ფიქრობდნენ, რომ მათი ასეთი მართვა მუდმივად იქნებოდა დღის წესრიგში. დღეს, როდესაც მართვის ბერკეტები არ აქვთ, პოლიტიკურ გუნდად წოდებულ ადამიანთა გაერთიანებაში კვლავ ასეთი განწყობა ადამიანების უფლებების მასობრივი დარღვევის, საქართველოს ინტერესების გაყიდვის საფრთხეს ქმნის. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ ის უბედურება, რაც პატარა საქართველოს დააწიეს ამ ხნის განმავლობაში, არ უნდა იყოს დაშვებული არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელიც სათავეში მოვა. ბევრი დაისაჯა, ბევრმა პასუხი აგო, მაგრამ სისტემურობას კვლავ აქვს ადგილი, ისევე როგორც მართვის დროსაც ჰქონდა. დღეს პოლიტიკურ ველზეც მათ მოღვაწეობას სისტემურობა ახასიათებს და ეს საქართველოში აღარასდროს უნდა იქნეს დაშვებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.