გია ვოლსკი - დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი
გია ვოლსკი - დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი

ძალიან საინტერესო ფუნქციაა სასამართლოს მეგობრის სტატუსი, რომლითაც სარგებლობს სახალხო დამცველის ოფისი. იგი ვალდებულია, მიაწოდოს სასამართლოს თავის მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებით და არა ადვოკატობა გაუწიოს ბრალდებულს ან პირიქით, ბრალი წაუყენოს მას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ დავით გარეჯის საქმეზე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარიას არავითარი ინფორმაცია გამოუთხოვია და საქმის გარემოებებს დეტალურად არ გაცნობია.

ვოლსკის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ომბუდსმენის მხრიდან დასკვნების გაკეთება, პოლიტიკურ შინაარსზე მიუთითებს.

„აქედან გამომდინარე, ვინაიდან დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ სამოსშია გახვეული, როგორც ამის სურვილი ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს, აქ, ამ ასპარეზზე გამოჩნდა სახალხო დამცველიც. ეს თემა, რაც ძალიან კარგად იცის სახალხო დამცველმა, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი და რა პოზიციები აქვს ამ პოლიტიკურ დაპირისპირების ფორმატში.

გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და არც დეტალურად გაცნობია საქმის გარემოებებს. ასეც რომ იყოს, დასკვნა იმის თაობაზე, არის თუ არა ხაზი გავლებული კონკრეტული რუკის შესაბამისად და არის თუ არა დარღვეული კონკრეტული პიროვნებების მიერ ინტერესები ჩვენი ქვეყნისა, ეს მისი კომპეტენცია არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლია, იხელმძღვანელოს ნებისმიერ ჩვენგანს და თავისი დასკვნა გააკეთოს, სწორად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, თუ არა. მაგრამ თავად პროცესის მიმდინარეობა იმ სტანდარტში უნდა ჯდებოდეს, რომელიც საერთაშორისო დონეს შეეფერება. ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, სახალხო დამცველი არა მარტო კომპეტენტურია, არამედ ვალდებულიც არის, თავისი განმარტებები გააკეთოს. რაც შეეხება დასკვნების კეთებას, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ შინაარსს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ დავით გარეჯის საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.

დატოვე კომენტარი