გია ვოლსკი - დავით ჭიჭინაძის საკითხზე მსჯელობა სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პირველსავე სხდომაზე გაიმართება
გია ვოლსკი - დავით ჭიჭინაძის საკითხზე მსჯელობა სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პირველსავე სხდომაზე გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე მსჯელობა სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პირველსავე სხდომაზე გაიმართება.

„პოლიტსაბჭოს პირველივე შეხვედრაზე ალბათ ამ თემაზე იქნება მსჯელობა. ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, თემებზე კამათი ჩვენთან არათუ ვინმეს დაუშალეს, პირიქით წახალისებულია, რომ იყოს მწვავე კამათი, მაგრამ როდესაც თემებს სცილდება საკითხი და გადადის პიროვნულ შეურაცხყოფაზე, დისკრედიტაციაზე, ეს ნიშნავს, რომ ზარალი მოაქვს გუნდის ასეთ წევრს. წესები არსებობს, რომელიც დაირღვა და ამ დარღვევას უპასუხა სამდივნომ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან კობერიძეს, მან გააკეთა გარკვეული განცხადებები, მაგრამ არასდროს მიუყენებია ვინმესთვის შეურაცხყოფა.

„მას არასდროს არ უკადრებია, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა ვინმესთვის, თანაც ისეთ განგრძობით ფორმაში და თავისი პროფესიონალური მოსაზრებები დაეპირისპირებინა პერსონალურად რომელიმე ადამიანისათვის და მისი წასვლა ან გადადგომა ეთხოვა, იმის გამო, რომ მისი აზრი ვინმეს აზრს არ ემთხვევა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.