გია ვოლსკი - დავით ჭიჭინაძემ განმარტოს, რატომ აქვს პრეტენზია, რომ ძველი სტანდარტებით ვმსჯელობ და ცუდი ადამიანი ვარ
გია ვოლსკი - დავით ჭიჭინაძემ განმარტოს, რატომ აქვს პრეტენზია, რომ ძველი სტანდარტებით ვმსჯელობ და ცუდი ადამიანი ვარ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დავით ჭიჭინაძის ადგილზე საპარლამენტო უმრავლესობას თავად დატოვებდა.

გია ვოლსკი პირველი არხის კითხვის საპასუხოდ, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, როდის იმსჯელებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე.  დეპუტატის თქმით, პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, როდის შეიკრიბება.

„მთავარია, მან ორკვირიანი ვადა დაიცვა და პოლიტსაბჭოს დროულად მიმართა. რაღაც საკითხები არის, რასაც შეიძლება ჩაუღრმავდე და იდავო, ეს იქნება სოციალური თუ საბანკო საკითხები, მაგრამ იმ ნორმას არ უნდა გადახვიდე, რაც საზოგადოებაში გადის, როგორც სკანდალი. სკანდალს იმ მიზნით არ უნდა ქმნიდე, რომ საკითხზე შენი გუნდის ლიდერებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა და გუნდზე არასწორი იმიჯი შექმნა. ეს არის თემა და არა ის საკითხები, რაზეც უამრავ სხვადასხვა ფორმატში ვკამათობთ, საერთო გადაწყვეტილებამდე
მივდივართ ან ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, დავით ჭიჭინაძესთან გამორჩეული ურთიერთობები ჰქონდა და ვინმეს გარიცხვა თვითმიზანი არ არის.

„შეურაცხმყოფელი ეპითეტები ჩვენ არ მოგვიგონია. ვინმეს გარიცხვა ან შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი თვითმიზანი არ არის, პირიქით, დავით ჭიჭინაძესთან ძალიან გამორჩეული, ადამიანური, თბილი ურთიერთობები მქონდა. საკითხი პიროვნულ დამოკიდებულებას არ ეხება, არსებობს გარკვეული წესები და ამ წესების დარღვევის ხარისხი“, – აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ დავით ჭიჭინაძის მხრიდან პარტიული დისციპლინის დარღვევის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ განმარტებები თავად უნდა გააკეთოს.

„შეფასება თავად უნდა გააკეთოს, რატომ არის დეპუტატებისთვის ჩვენი შემადგენლობა მიუღებელი, ან ჩემს მიმართ რატომ აქვს პრეტენზია, რომ ძველი სტანდარტებით ვმსჯელობ და ცუდი ადამიანი ვარ. რაც შეეხება ფრაქციის და უმრავლესობის სხდომებზე მის სიარულს, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი და ხაზგასმა იმისკენ, რომ მისი მიზანი გარკვეული დისონანსის შეტანა და დისკრედიტებაა გუნდის მიმართ. თუ სხვა მოსაზრებები აქვს, ამაზე ფრაქციაში ან უმრავლესობაში მსჯელობა შეუძლია, მაგრამ როცა პიროვნულზე გადადიხარ და გუნდის დისკრედიტებას ახდენ, სხვა კატეგორიაა. მის ადგილზე უმრავლესობას თავად დავტოვებდი, მაგრამ შეიძლება მას სხვა პოზიცია ჰქონდეს. ჩემში ვერ გადავლახავ იმ პრინციპს, რითაც ვიარე და დღემდე მოვედი. ყველა ადამიანს თავისი თავისუფლება და გამოხატვის უფლება აქვს, მას ამ საკითხში ვერ დავუპირისპირდები”, – განაცხადა ვოლსკიმ.