გია ვოლსკი - დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება, საზოგადოება რასაც წყვეტს, ის უნდა აღსრულდეს
გია ვოლსკი - დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება, საზოგადოება რასაც წყვეტს, ის უნდა აღსრულდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, ოპოზიციას უნდა, ქვეყანაში ჯაჯგურის ფონი შექმნას, რაც ქვეყანას არ სჭირდება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და ყველა პარტიას ურჩევს, არჩევნებისთვის მოემზადოს.

„ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან არ შედგება. აქ არის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციაზეა და ჩვენ ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა ვფიქრობთ, რომ უმრავლესობამ არჩევანი გააკეთა. ამ უმრავლესობის პოზიციის ღალატი და საკითხების ჰაიჰარად გადაწყვეტა არასწორი იქნება. მმართველი გუნდი ამომრჩევლის ერთგული რჩება. ოპოზიციას უნდა ჯაჯგურის ფონი შექმნას, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს. დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება, ამას ვინ ეკითხება პარტიულ ორგანიზაციას, რაც არ უნდა მძლავრი იყოს და ხელისუფლების სადავეებს ფლობდეს? საზოგადოება რასაც წყვეტს, ის უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.