გია ვოლსკი - ჩვენი ოპონენტების ნაწილი ცდილობს, ისეთ პროცესებში ჩაგვითრიოს, რომელიც ბოლომდე დაგვაგდებს, უფრო მეტიც, შესაძლოა, ამას საქართველოსთან მიმართებაში სამხედრო აგრესია მოჰყვეს
გია ვოლსკი - ჩვენი ოპონენტების ნაწილი ცდილობს, ისეთ პროცესებში ჩაგვითრიოს, რომელიც ბოლომდე დაგვაგდებს, უფრო მეტიც, შესაძლოა, ამას საქართველოსთან მიმართებაში სამხედრო აგრესია მოჰყვეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ცდილობს, ქვეყანა ისეთ პროცესებში ჩაითრიოს, რომელიც ეკონომიკურ ნგრევას გამოიწვევს.

რაც შეეხება რძის პროდუქტებზე რუსეთის განცხადებას, ვოლსკის თქმით, რუსეთისთვის ეს განცხადება პოლიტიკურად მომგებიანია.

„ამ ვითარებაში ყველაფერს ცალსახა პასუხი არ აქვს, თუმცა ჩვენი ოპონენტების ნაწილი ცდილობს, ისეთ პროცესებში ჩაგვითრიოს, რომელიც ბოლომდე დაგვაგდებს და ეკონომიკური ნგრევის შეუქცევადი პროცესი იქნება. უფრო მეტიც, შესაძლოა, ამას საქართველოსთან მიმართებაში სამხედრო აგრესია მოჰყვეს. ვთქვით, რომ სანქციებს ვერ შევუერთდებით, რადგან ელემენტარული მექანიზმი არ გაგვაჩნია. რუსეთმა რძის პროდუქტებზე განცხადება გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის ეს განცხადება პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ სად არის რძის იმდენი რესურსი, რომ რუსეთის ბაზარზე გაიტანო, კომპანიები საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის, რომ 2013 წლიდან და შემდეგ 2020 წლიდან რუსეთთან მუშაობა მიმდინარეობს, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ემბარგო მოხსნას და ახლა მან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს, რომ ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც მოსალოდნელია, არათუ შერბილებული იყოს, არამედ კიდევ უფრო დამძიმდეს.

„უკრაინას საქართველოს მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვს, მაგრამ უფრო მძიმე შეფასებები აქვს ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები არ გამოდიან და თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ არ ლაშქრობენ. ესეც იმაზე მიუთითებს, თუ რა სახის პოლიტიკურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამანგრეველი ძალა, რომელიც თავის სატელიტებთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ გახდეს უმართავი და ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რასაც ველოდებით, არათუ შერბილებული იყოს, არამედ კიდევ უფრო დამძიმდეს და როგორმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. „ნაცმოძრაობა“ თავის პოლიტიკურ ზნეს ვერ შეცვლის“, – განაცხადა ვოლსკიმ.