გია ვოლსკი - ჩნდება ეჭვი, რომ ნიკა მელიას მხრიდან გამიზნულ ქმედებას ჰქონდა ადგილი და ეს ყველაფერი არის რევოლუციური სცენარის განვითარება
გია ვოლსკი - ჩნდება ეჭვი, რომ ნიკა მელიას მხრიდან გამიზნულ ქმედებას ჰქონდა ადგილი და ეს ყველაფერი არის რევოლუციური სცენარის განვითარება

არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სასამართლოში, დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, ვერც ერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც ნიკა მელიას სასამართლომდე მოეთხოვებოდა, იყო სამაჯურის ტარება.

„რასაც ვუყურებ ამ ვერდიქტის შემდეგ მიმდინარე პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ ამას რასაკვირველია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც და ნაწილიც გააჩნია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არ არის იურისტი იყო, რომ მიხვდე, ხდება რაღაც ისეთი, რაც კითხვებს ბადებს. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სასამართლოში, დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, ვერც ერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. გამოტანილი თავიდან იყო ვერდიქტი, რომ სამაჯურით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა იმ მთავარ სასამართლოს, როდესაც განიხილებოდა, იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა რეალური. ამ საკითხს გადაწყვეტამდე შესთავაზეს გირაოს გადახდა და ხელზე სამაჯურის გაკეთება, მეტი არაფერი შეთავაზება არ იყო და ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრე გამოიჩინეს. მე პროკურატურა არ ვარ, ვერ შევაფასებ. მაგრამ რეალურად ერთადერთი, რაც მოეთხოვებოდა სასამართლომდე, მიუხედავად ყველა მისი პოლიტიკური აქტივობისა, მიუხედავად ამ გააფთრებული ბრძოლისა, მაინც ეს სამაჯურის თემა იყო მნიშვნელოვანი. ეს ფაქტობრივად ერთადერთი პირობა იყო, რომ შეესრულებინა. როდესაც ასეთ ვითარებაში საზოგადოების წინ დემონსტრაციულად, ხაზგასმით ამბობს, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებს, მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთის ღონისძიება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ნიკა მელიას მხრიდან გამიზნულ ქმედებას ჰქონდა ადგილი და „ეს ყველაფერი არის რევოლუციური სცენარის განვითარება“.

„კვლავ მოითხოვეს გირაოს გადახდა გაზრდილი რაოდენობით. არც ამ თემაზე არ წამოვიდა და რასაკვირველია გიჩნდება ეჭვი, რომ ეს გამიზნული ქმედებაც შეიძლება, ყოფილიყო და როგორმე პარტია, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას იმ პოლიტიკაში, რასაც გაყალბების თავზე მოხვევა ჰქვია, რომელიც უარს ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს მისი მუშაობა, აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი არ გრჩება პასუხად, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის რევოლუციური სცენარის განვითარება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.