გია ვოლსკი – „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევა სერიოზულ ქარბუქს წარმოშობს ექსტრემისტების მიერ შექმნილ პროპაგანდისტულ ველზე, კვლევებს ვერაფერს უშვებიან
მართვის კარგი სისტემით ქვეყანა მოწინავეა. არსებული ტენდენცია კარგია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ არსებული დინამიკა გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ბევრი რამ გაცილებით უკეთესად იქნება, ვიდრე დღესაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, კარგი მთავრობის ინდექსში საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო და მაღალ-საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოხვდა.
ვოლსკის თქმით, „კვლევა სერიოზულ ქარბუქს წარმოშობს იმ პროპაგანდისტულ ველზე, რომელიც ექსტრემისტებს აქვთ შექმნილი“.
„კარგი მმართველობის თვალსაზრისით კანდიდატ ქვეყნებს შორის რომ წინ ვართ, კვლევაც რომ არ ჩაატარო, ეს ინფორმაცია ადამიანებს აქვთ. წინ ვართ საკმაოდ დიდი უპირატესობით უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით. ეს ის სტანდარტია, რითაც ქვეყნის ევროპულობა უნდა შეფასდეს და არა იმით, რასაც ამბობენ პეტერ ფიშერი, მიხაილ როთი ან მარტა კოსი. არსებობს ბრიუსელის პოლიტიკური ინტერესი, რომელიც მარტა კოსმა გამოხატა, რომ რუსეთთან ომისთვის უნდა ვემზადოთ, ბალტიისპირეთია სამიზნეო. პატარა საქართველოში 2 ივნისს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნება. ეს უზარმაზარი მიღწევაა, ქვეყანაში დიდი პროცესები დაიწყება და ამის წინააღმდეგი არიან. კვლევებს ვერაფერს უშვებიან. ერთადერთი, რაც მოიფიქრეს, ირაკლი კობახიძეს დააბრალეს, თითქოს ევროპისკენ სვლა შევაჩერეთ. ეს მაშინ, როცა საქართველოს თაობაზე, მიღწევებზე რეიტინგები ქვეყნდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.