გია ვოლსკი - ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს
ცაჰკნას განცხადების უკან მთელი პოლიტიკა და სტრატეგიული გეგმა დევს. მოწოდებაა, რომ ექსტრემისტული დაპირისპირება განვითარდეს და საქართველოში ცეცხლი დაინთოს. უკვე ღიად საუბრობენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთის აგრესია ემუქრება და ურჩევნიათ, ეს აგრესია საქართველოს მიმართ იყოს დივერსიფიცირებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პრობლემები თუ შეიქმნება, ბალტიისპირეთის ქვეყნების აზრით, ეს მათთვის დამატებითი ბერკეტი იქნება.
„არ არსებობს, საქართველოს თაობაზე საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ კვლევა გამოქვეყნდეს და ამას არ მოჰყვეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, თურმე მიღწევების ფონზე საქართველო სანქციას იმსახურებს. ამ ნაწილში მისი მხრიდან პოლიტიკური ინტერესი ნათლად იკითხება. ბალტიისპირეთის აზრით, მათ წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეალურია და ამას შესაბამისი დახვედრა სჭირდება. ერთ-ერთი რესურსია ის, რომ რუსეთს ძალა მოაკლდეს სამხრეთ კავკასიაში, ამ შემთხვევაში საქართველოში დაძაბულობის მექანიზმით. მათი აზრით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პრობლემები თუ შეიქმნება, მათთვის ეს დამატებითი ბერკეტი იქნება, რათა რუსეთს ფართო ფრონტზე დაუპირისპირდეს. შეიქმნება თუ არა ფართო ფრონტი, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, ცაჰკნას და მისნაირებს უნდათ, საქართველოში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს. საქართველო საზარბაზნე ხორცად უნდათ, რის საშუალებასაც არ ვაძლევთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა: „ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას. ჩემი გზავნილია ქართველი ხალხის მიმართ, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი – იმედი არ დაკარგოთ და შესაბამისად მოიქეცით, რადგან სომხეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხალხს თუ სურს, საბოლოოდ შესაძლებელია, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ევროკავშირის გზა გაიხსნება. ასე რომ, არ დაკარგოთ იმედი, რადგან ევროპა ღია დარჩება საქართველოსთვის“.