გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების საკითხი არ განიხილება
გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების საკითხი არ განიხილება

ბიძინა ივანიშვილს ჩვენს გუნდშიც, თუნდაც პარტიულ იერარქიაში საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიცია გააჩნია, მაგრამ არასოდეს ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში იმ დოზით, რომ შეუზღუდოს გადაწყვეტილებების მიღება ადამიანს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს ან უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

სამთავრობო ცვლილებებთან და მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ თემაზე თავად მამუკა ბახტაძე ისაუბრებს.

„ამასთან დაკავშირებით ხვალ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სიღრმისეული და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო განცხადება. არ არის კორექტული, რომ გადავასწრო და ამ განცხადებას წინ წავუმძღვარო რაიმე განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მამუკას საკმაოდ კომპეტენტური პოზიცია გააჩნია ამ თემასთან დაკავშირებითაც. გაცილებით უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ჩემი მშრალი განცხადება ამ საკითხებთან მიმართებით. რა იქნება და როგორ იქნება, ამაზე მეტ ინფორმაციას მიიღებთ ხვალ მამუკა ბახტაძისაგან“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მედიის კითხვაზე დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

„ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს ჩვენს გუნდშიც, თუნდაც პარტიულ იერარქიაში საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიცია გააჩნია, მაგრამ არასოდეს ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში იმ დოზით, რომ შეუზღუდოს გადაწყვეტილებების მიღება ადამიანს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს ან უხელმძღვანელებს. ასე რომ, ვფიქრობ, კოლეგიალური სტრუქტურა არსებობს. ვფიქრობ, პოზიციები საკმაოდ ერთგვაროვანია ჩვენს გუნდში და ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას არასოდეს იღებს მარტო ერთპიროვნულს. ეს უნდა დავაფასოთ. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რასაც ჰქვია, მმართველობითი ვერტიკალის დახვეწა და ამის თაობაზეც გექნებათ კიდევ ინფორმაცია, ვიზუალურადაც გამოჩნდება და დაეტყობა ყველაფერს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი