გია ვოლსკი - აუცილებელია, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველაფერი შეახსენო პოლიტიკურ გუნდს, რომელიც დღეს საოცარ ბრალდებებს უყენებს ხელისუფლებას
გია ვოლსკი - აუცილებელია, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველაფერი შეახსენო პოლიტიკურ გუნდს, რომელიც დღეს საოცარ ბრალდებებს უყენებს ხელისუფლებას

პოლიტიკურ გუნდს, რომელიც დღეს საოცარ ბრალდებებს უყენებს ხელისუფლებას, აუცილებელია, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველაფერი შეახსენო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ისინი ხელისუფლების მიმართ გაუგონარ, უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებენ.

„საქართველოს არმია როცა მოადგება და ზუსტად იცი, რომ ომის წინაპირობებია შექმნილი, შეგიძლია, პრევენცია გააკეთო, ადამიანები გამოიყვანო საომარი ზონიდან და ადამიანები გადაარჩინო. ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ ბოლო წუთამდე სააკაშვილის ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ რუსეთის ფედერაცია დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებდა. ბოლო წუთამდე იმის მცდელობა იყო, როგორმე გაერო-ს უშიშროების საბჭო მაინც შეკრებილიყო და მაშინდელმა ხელისუფლებამ ამაზეც უარი თქვა. დღეს ეს ხალხი შეკრებილა და ისეთ საოცარ ბრალდებებს უყენებს ხელისუფლებას, რომ აუცილებელია, მათ ყველაფერი გაახსენო. იმ პერიოდში იყო მსჯელობა – ქვეყნისთვის რამდენად იყო საჭირო, რომ ამ თემაზე დისკუსია გაგრძელებულიყო, მაგრამ ვარჩიეთ, პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გაგვეგრძელებინა. სტრასბურგის სასამართლოსთვის მტკიცებულებები გადამალეს, ხალხი არ გამოიყვანეს და რეალურად ისეთი მდგომარეობა შექმნეს, როცა ომი გარდაუვალი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პოზიცია აბსოლუტურად სხვა იყო. ხელი მოაწერეს იმას, რომ საქართველოს ბრალია ომის დაწყება და აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული. ამდენი ხალხის დაღუპვის პრევენცია შეიძლებოდა, თუმცა მებრძოლები ბრძოლის ველზე მიატოვეს და აქ პერფორმანსი გამართეს. ეს არის სახე იმ პოლიტიკური გუნდის, რომელიც დღეს რაღაც გაუგონარ და უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.