გია ვოლსკი - აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს
გია ვოლსკი - აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს

აშშ საქართველოს მართლაც ყველაზე ძლიერი, ეფექტური მხარდამჭერია, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია: „შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ამყარებს რწმენას, რომ რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას“.

„ჩვენ საკმაოდ ვრცელი და გრძელვადიანი საუბარი გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით იმ ჩვენს ყოფილ თანაფრაქციელებთან და ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ კომენტარები ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გავაკეთოთ, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ხაზები გვაქვს, ურთიერთობის ჩვენი არხები გვაქვს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რასაკვირველია აშშ-სთან. ერთს დავამატებ მხოლოდ. ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე ეფექტური მხარდამჭერია საქართველოსი. აშშ-ზე მაქვს საუბარი, მის ადმინისტრაციაზე, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც, ასეთი ერთგული დასაყრდენი, პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე, რეგიონში არ ჰყავს. აქედან გამომდინარეობს ის კომენტარი, რაც გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა და რასაც მე გეუბნებით ახლა თქვენ. ამის იქით რაიმე კომენტარი არ გამაჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, არსებობს გარკვეული შეკითხვები საზოგადოებაში, რასაკვირველია, მაგრამ არსებობს გარკვეული სტანდარტიც, რომელზეც კოლეგებთან ვერ შეთანხმდნენ.

„ზედმეტ, დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებ, თუმცა ფაქტია, რომ ყველანაირი საკითხი, როგორც კელი დეგნანმაც აღნიშნა, განიხილება კულუარებში, ყველანაირი თემა, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებში ეს დახურულ კარს მიღმა არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობებს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად, ის, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა არის საგანგებო მნიშვნელობის და არ უნდა გავახაროთ მტერი, რომელსაც არც საქართველოს და არც უკრაინის კეთილდღეობა არ გაუხარდება, რასაკვირველია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მეტი განცხადებებია საჭირო უკრაინის წარმომადგენელთა ამ როყიო და ხისტი განცხადებების თაობაზე. არის გარკვეული შეკითხვები, ეს შეკითხვები არის საზოგადოებაში, რასაკვირველია, მაგრამ არსებობს გარკვეული სტანდარტი, რომელზეც ვერ შევთანხმდით ჩვენს კოლეგებთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.