გია ვოლსკი - აშშ, ნატო და ევროკავშირი არიან იმ საფრთხეების ალტერნატივაა, რომელიც რუსეთიდან მოდის
გია ვოლსკი - აშშ, ნატო და ევროკავშირი არიან იმ საფრთხეების ალტერნატივაა, რომელიც რუსეთიდან მოდის

კარასინის განცხადება საფრთხის შემცველია, ეს მუქარაა, ეს არის თემა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია არასდროს შეცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანები, მიზნები აქვს და სულ არ აინტერესებს, აფხაზის, ოსისა ან ქართველის ბედი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რუსეთის აგრესიის დაბალანსების ერთადერთი პოლიტიკა ის არის, რასაც ხელისუფლება აწარმოებს.

„ეს საფრთხეების შემცირებისთვის არის მიმართული. საქართველო მარტო არ არის და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან მოხსნილია, სხვა არაფერია, თუ არა უზნეო სპეკულაცია. მცდარია პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის წინაშე ქედის მოხრით შეიძლება რაიმე კომპრომისს მიაღწიოს. ზედმეტი ბაქი-ბუქი, რაც მეორე მხარეს ახასიათებს, სწორი არ არის. საქართველოს სწორი პარტნიორები ჰყავს შერჩეული, საერთაშორისო პოლიტიკას სწორი მიმართულებით ვავითარებთ. ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი ის მოკავშირეები არიან, რომლებიც ალტერნატივაა იმ საფრთხეების, რაც რუსეთიდან ისედაც მოდის, მის მიმართ რა პოლიტიკაც არ უნდა გქონდეს. მას თავისი სტრატეგიული ამოცანა აქვს, ოკუპაციას ახდენს და ამერიკავკასიაში, საქართველოში საკმაოდ მძლავრი სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავს. აქედან გამომდინარე ნურავინ დაიჯერებს, რომ რაიმე შემრიგებლური, მეგობრული ურთიერთობები ამ პრაგმატულ სამყაროში არის შესაძლებელი. საქმიანი ურთიერთობა და გარკვეულ ფორმატში მოლაპარაკებები საჭიროა, მაგრამ დასავლური კურსი სწორია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ჩვენს პოლიტიკას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა ბრიუსელი, ვაშინგტონი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმულას გვთავაზობენ ოპონენტები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.