გია ვოლსკი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებული რეკომენდაციები ამ კანონს მაღალი დონის დოკუმენტად აქცევს
გია ვოლსკი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებული რეკომენდაციები ამ კანონს მაღალი დონის დოკუმენტად აქცევს

არსებობს საკითხების მთელი რიგი ჩამონათვალი, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებული გვაქვს და ამ კანონს საერთაშორისო სტანდარტის საკმაოდ მაღალი დონის დოკუმენტად აქცევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„პირდაპირ თარგმანში არის, რომ როს უილსონი გულდაწყვეტილია. სინანულს გამოთქვამს, რომ ჩვენი და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია ერთმანეთს არ დაემთხვა. ამ თარგმანით პოლიტიკურ წრეებში გარკვეული სპეკულირება მიმდინარეობს. თუმცა რეალობა შემდეგია – ჩვენც წუხილს გამოვთქვამთ, რომ ყველა პოზიცია ვერ დაემთხვა. მნიშვნელოვანია იმ საკითხის ბოლომდე გარკვევა და ჩაღრმავება, რომელზეც ჩვენი და ვენეციის კომისიის პოზიციების დამთხვევა ვერ მოხერხდა. ვენეციის კომისია ყოველთვის გვთხოვდა, სასამართლო სისტემაში კენჭისყრა ყოველთვის დახურულად ჩატარებულიყო, რათა არ ჰქონოდა ზეწოლას ადგილი. პროცესები გაგრძელდება და ყველა ნახავს, რომ შედეგი პოზიტიური იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს, ვოლსკი აცხადებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

„ამის საფუძველი არ არსებობს. ამერიკის ელჩი თუ ამბობს, რომ ის წუხს, რადგან არ დაემთხვა ვენეციის კომისიისა და უმრავლესობის ყველა მოსაზრება ერთმანეთს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენც ვწუხვართ. მთელი რიგი ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რაც დაემთხვა. არის ერთი საკითხი, რაშიც ვერ დავემთხვიეთ ვენეციის კომისიას, სადაც საუბარია, რომ არჩევნები გაიმართოს დახურული თუ ღია კენჭისყრით. ვფიქრობთ, უნდა ჩატარდეს დახურული კენჭისყრით იმის გამო, რომ ზეწოლის ყველანაირი შანსი გამოირიცხოს. არ მგონია, რომ თარგმანში დაკარგვაა აუცილებელი, რათა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ამასთან მიმართებაში გარკვეული სპეკულაცია განახორციელონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, ამასთან, აღნიშნა: „ცოტა გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა“.