გია ვოლსკი - ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არჩევნების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა სპექტაკლია, მთავარი თემაა, რომ ოპოზიციის აზრით პრეზიდენტი აწერს ხელს პარლამენტის დაშლაზე ბრძანებულებას
გია ვოლსკი - ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არჩევნების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა სპექტაკლია, მთავარი თემაა, რომ ოპოზიციის აზრით პრეზიდენტი აწერს ხელს პარლამენტის დაშლაზე ბრძანებულებას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის შეხვედრაზე არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა წმინდა წყლის სპექტაკლია.

ვოლსკის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის მთავარი თემაა, რომ ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტი აწერს ხელს პარლამენტის დაშლის თაობაზე ბრძანებულებას.

ვოლსკის განმარტებით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს ან მთავრობას არ ამტკიცებს.

„ეს არის ღერძი იმ საკითხების გარშემო, დანარჩენი ყველაფერი ანტურაჟია. რეალურად ხდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ვინაიდან მას პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს ან მთავრობას არ ამტკიცებს და შესაბამისად ქვეყანა მართვის გარეშე რჩება. ეს არ მომხდარა.  უნდათ, პრეზიდენტი ამ ავანტურაში ჩართონ, ეს ნიშნავს, რომ საუბარია რევოლუციური სცენარის გარკვეული მიმართულებით გაგრძელების და განვითარების თაობაზე, სხვაზე არაფერზე, ვინაიდან ადამიანები, ვინც ახლა პრეზიდენტის გარშემო არიან შეკრებილი, გუშინ მას უშვერი სიტყვებით აგინებდნენ. პრეზიდენტმა არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და ამ სცენარის განვითარება ყველას ერთად წარმოუდგენია მხოლოდ რევოლუციის გზით. რეალურად ხდება ის, რომ აირჩა პარლამენტი, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა, მთავრობას აქვს პროგრამა და უზარმაზარი ვალდებულება ხალხის წინაშე, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ხალხის წინაშე, რომ ამ ქვეყანაში არ მოხდეს დესტაბილიზაცია. ეს მოცემულობაა და უნდათ მეორე მოცემულობის შექმნა, როდესაც ყველაფერი გაკეთდა, რათა ხალხი, საზოგადოება და სამართალდამცავი სტრუქტურები დაპირისპირებულიყვნენ, მომხდარიყო გადაცდომების გარკვეული ფაქტები, მათ შორის პოლიციაზე პროვოცირებული,  საშინელი ბრუტალური თავდასხმით. ეს არის მთლიანი სცენარი და ამ სცენარს საზოგადოებამ თვალი უნდა მიადევნოს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.