გია ვოლსკი - არჩევნები გვაჩვენებს, ვისთან არის შესაძლებელი კოალიციური მთავრობის შექმნა
გია ვოლსკი - არჩევნები გვაჩვენებს, ვისთან არის შესაძლებელი კოალიციური მთავრობის შექმნა

არჩევნები გვაჩვენებს, ვისთან არის შესაძლებელი კოალიციური მთავრობის შექმნა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ვისთან წარმოუდგენია  კოალიციური მთავრობის შექმნა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, 2020 წლის არჩევნების პროცესში გამოჩნდება, ვის შეუძლია ქვეყნის წინაშე ერთობლივი პასუხისმგებლობა იკისროს.

„ამას არჩევნები გვიჩვენებს. ყოველთვის ამ თემაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ რეალურად საზოგადოების მოთხოვნა და შეკვეთა თუ გაიზარდა აღნიშნულთან დაკავშირებით, ამის ერთადერთი განმაპირობებელი მიზანი მშვიდობა და სტაბილურობაა. საზოგადოებას მიაჩნია, რომ როდესაც პარტიები კოალიციურ პასუხისმგებლობას აიღებენ, თითოეული მოქალაქის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ და პოპულისტური განცხადებების კეთება რთული იქნება. 2020 წლის არჩევნების პროცესში უკვე ის პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან, ვის შეუძლია ქვეყნის წინაშე იკისროს ასეთი ერთობლივი პასუხისმგებლობა. დღეს ამასთან დაკავშირებით საკმაოდ რთულად მესახება პროგნოზის კეთება. პარტიები ეცდებიან, მთავრობის დაკომპლექტების საშუალება თავად მიეცეთ. ამის ყველაზე დიდი რესურსი „ქართულ ოცნებას“ გააჩნია, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, 2020 წელს ხალხის წინაშე ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს.

„დიდი იმედი მქონდა, 2020 წელს ახალი თაობის პოლიტიკოსები მოიტანდნენ რეალობას, სადაც კამათი, თუნდაც მწვავე ჩვეულებრივი, მიღებული ფორმაა, თუმცა დაპირისპირების ეს ხარისხი, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დღეს არსებობს, არ იქნებოდა. რადგან ვითარებამ ამის აუცილებლობა მოიტანა, 2020 წელს ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ხალხის წინაშე. დღეს ჩვენ ოპონენტებში ასეთ პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, პარტიას, რომელსაც ნულპროცენტიან ბარიერთან აქვს პრეტენზია, პოლიტიკურ ველზე გარკვეული ნიშის დაკავებით უზურპაციის მოხდენა სურს.

„თუ გვინდა, სამართლიანობა რეალურად არსებობდეს, საზოგადოებამ, რომლის გარკვეული ნაწილი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს, უნდა იგრძნოს, რომ პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავს. იდეა ეს არის“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

ვოლსკი განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისევ გუნდები და კოალიციები იქნება და წინასწარ შეთანხმებული პარტიები იბრძოლებენ ერთობლივად, ეს ქვეყანას საშუალებას არ მისცემს, გაარკვიოს თითოეული პოლიტიკური გუნდის წონა.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიცოდეთ ჩვენს საზოგადოებაში მხარს რომელ პარტიებს უჭერენ. ამიტომ არის ნულპროცენტიანი ბარიერი. საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს შუალედურმა არჩევნებმაც გვიჩვენა, რომ საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა პოლიტიკური სიმწიფით ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას გადაასწრო, რომელიც კვლავ ძველი ფორმულებით და ძველი სკანდალებით და სცენარებით ხელმძღვანელობს. საზოგადოებას ქვეყანაში სტაბილურობა სჭირდება და ამისთვის პარტიებმა მთავარი პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.