გია ვოლსკი - არაფერი დაგვიშავებია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის მხრიდან იყოს შეზღუდული, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც ღირსეული პარტნიორები ვართ
არაფერი დაგვიშავებია საიმისოდ, რომ საქართველო და, მით უმეტეს, მისი მოსახლეობა ევროკავშირის მხრიდან იყვნენ შეზღუდული. ევროპული სახელმწიფო ვართ, ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები ევროპისთვისაც და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, მათ შორის, ბრძოლის ველზეც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციას ადამიანთა გარკვეული ჯგუფი თავისი გაბრაზების ან კეთილგანწყობის გამო არ წყვეტს.
„კონკრეტული პუნქტებია, სადაც ძლიერი პოზიცია გვაქვს. საქართველო ასრულებს იმ შეთანხმებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მოცემას უძღოდა. რევერანსი არ იყო, ეს იყო საქმიანი მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის ვართ მზად, რასაკვირველია, სამოქმედო გეგმის ნებისმიერ პუნქტთან დაკავშირებით, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის თემაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, განსხვავება ერთ საკმაოდ სერიოზულ საკითხში არსებობს, რომელშიც მმართველი გუნდი ევროკავშირის პოზიციას ვერ ემთხვევა.
„ეს არის ზოგიერთი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება. ჩვენს სამეზობლოში არის ქვეყნები, ვისთანაც გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებთანაც პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია არაღიარების პოლიტიკა – ასეთია აზიის ქვეყნები. მათთან გვაქვს სავიზო რეჟიმი, მაგრამ ევროკავშირს ეს რეჟიმი მათთან არ გააჩნია და, რასაკვირველია, საფრთხედ განიხილავენ, რომ, შეიძლება, ვინმე ისეთი შევიდეს ევროპულ ტერიტორიაზე, რომლის შესვლასაც არ მიესალმებიან, მაგრამ აქ არის მთავარი თემა: საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ეს გაკეთოს, მაგრამ, მაგალითად, ჩინეთის მოქალაქეს ან, ვთქვათ, დომინიკის მოქალაქეს ეს საქართველოს გავლით არ შეუძლია გააკეთოს. საქართველოს მოქალაქეობის გაცემაზე ევროკავშირთან საკმაოდ საფუძვლიანი საუბარი შეგვიძლია და ამასთან დაკავშირებით ჩვენთან პრეტენზია არ აქვთ. დოკუმენტებზე კონტროლი, მოქალაქეობის საკითხებზე კონტროლი – ეს მუხლი საკმაოდ კარგად არის შეთანხმებული და კარგად მუშაობს და აქ ჩვენთან პრეტენზია არ არსებობს, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, მეორე თემაა, რომ ქვეყანას რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები არ აქვს დაწესებული.
„და მესამე, არსებობს გარკვეული თავშეკავება დაპირისპირების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, რაზედაც, ვთქვათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ აქვთ თავშეკავება, მაგრამ საექსპორტო ვაჭრობა სამივეს ჩვენზე დიდი აქვს რუსეთთან და უკრაინის გავლით კიდევ რუსული გაზი მიედინება ევროპაში. ორმაგი სტანდარტი არსებობს. მე მოგიყევით განსხვავებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია გარკვეულ თემებთან მიმართებაში ევროკავშირთან, მაგრამ, მთლიანობაში, ჩვენი შეთანხმება, ვიზალიბერალიზაციის საკითხი, რამაც გადაწყვიტა ეს მუხლები, ექვსი მუხლია, მე მგონი, აქედან ხუთში საკმაოდ მყარი და კარგი პოზიცია გაგვაჩნია. არაფერი დაგვიშავებია, მით უმეტეს, საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ არა ცალკეული რაღაც ეკონომიკური შინაარსის საკითხები, რომ საქართველო და, მით უმეტეს, მისი მოსახლეობა რაიმეთი შეზღუდული იყოს. ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, ღირსეული პარტნიორები ევროპისთვისაც და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, მათ შორის, ბრძოლის ველზეც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.