გია ვოლსკი - არ შეიძლება, პრეზიდენტი სტატუსის მიღებაზე ზრუნავდეს, როცა, კონსტიტუციის დარღვევით, ღიად გამოდის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ
არ შეიძლება, პრეზიდენტი სტატუსის მიღებაზე ზრუნავდეს, როცა, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევით, ღიად გამოდის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს დიპლომატიურ-პოლიტიკური ეტიკეტი, რომელსაც დაცვა სჭირდება.
„საკონსტიტუციო სასამართლო სწორად დაადგენს, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვნად ასცდა ფუნქციას, რაც მას კონსტიტუციით აკისრია. ვხედავთ, რომ მისი მხრიდან კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი დარღვეულია. რეალურად, იმისკენ მოგვიწოდებენ, რომ კონსტიტუცია გვერდით გადავდოთ. კარგად დავინახეთ, რა შედეგი მოუტანა საქართველოს კანონების გვერდზე გადადებამ დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე.
ამას თავისი პოლიტიკური შემადგენელიც აქვს, არ შეიძლება, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე წუხდეს და ზრუნავდეს, როდესაც, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევით, ღიად გამოდის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ავტორიტეტული მედიის წარმომადგენლები რომ ჩასულიყავით ვალტერ შტაინმაიერთან, პრეზიდენტ მაკრონთან და ნებისმიერ სხვასთან, ვისთანაც სალომე ზურაბიშვილი იყო მისული, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე რომ დაგესვათ საკითხი, საქართველო იმსახურებს თუ არა ევროკავშირის წევრობას და ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსს, ზუსტად იმავე პასუხს მიიღებდით.
არსებობს დიპლომატიურ-პოლიტიკური ეტიკეტი, რომელსაც დაცვა სჭირდება. კანდიდატის სტატუსის მიღებას ხალხი იმსახურებს, მაგრამ მთავრობა არ იმსახურებს – ამ ფორმულით გამოვიდა პრეზიდენტი პარლამენტში, ხოლო გაცილებით უფრო მძიმე ენითა და შეფასებებით 26 მაისს ისაუბრა. რასაკვირველია, საგარეო ვიზიტებში მთავრობასთან შეუთანხმებელი პოზიციით წასვლა კონსტიტუციის დარღვევაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.