გია ვოლსკი - არ შეიძლება, იყო შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე პარტია, ესაა ჩვენი პოზიცია, რასაც პარტნიორებს გავუზიარებთ
გია ვოლსკი - არ შეიძლება, იყო შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე პარტია, ესაა ჩვენი პოზიცია, რასაც პარტნიორებს გავუზიარებთ

მსურს, შევუერთდეთ იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს, რომ გაატაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის გარშემო შეკრებილმა რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც შეთანხმებას მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე პარტია, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდის მხრიდან დოკუმენტის ანულირება სწორი პოზიციაა. ვოლსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ამ პოზიციას გაუზიარებენ.

„მათი მიზანია, სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსების მომრავლება, რომელსაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია. ეს იმდენად თვალსაჩინო, ნათელია, რომ სხვა კომენტარი ვერ გვექნება. რეალურად, არ შეიძლება, იყო შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნის სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიარებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით ვროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომ იმედი აქვს, მხარეები შეთანხმებას დაუბრუნდებიან, ვოლსკი ამბობს, რომ მას არ ესმის, რას ნიშნავს შეთანხმების ცალმხრივად დარღვევა, მაშინ, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტზე არც ხელი მოუწერია და არც ვალდებულებები აუღია.

„როცა პარტიული ტელევიზიები აცხადებენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად დაირღვა მაშინ, როცა შეთანხმებას მათი პარტია საერთოდ არ შეუერთდა, არც ხელი მოუწერია და არც ვალდებულებები აუღია, ცალმხრივად დარღვევა რას ნიშნავს, არ მესმის. ყველაფერი ცალმხრივად დაირღვა და საფრთხე შეიქმნა, რომ ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციის პროცესები გაგრძელდეს. ჩვენ მზად ვართ, არათუ 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის და უფრო მეტი პროცენტის აღების შემთხვევაშიც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ კეთილ ნებაზე დამყარებული. საზოგადოების ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკურ ველზე ერთხელ და სამუდამოდ სიმშვიდე დამყარდეს. თუ ამისთვის თქვენი პოლიტიკური ბოსები მზად არიან, რასაკვირველია, ვილაპარაკოთ, ოღონდ, საქმეზე და არა საბოტაჟის შემდგომ გაგრძელებაზე“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.