გია ვოლსკი - არ მიგულისხმია, რომ ზურაბიშვილს ადამიანის მკვლელობა გაუხარდა, არც ოპონენტების სიხარულში ვგულისხმობ, რომ ამის გამო ქუჩაში ცეკვავენ, საუბარი მაქვს ვითარების გამოყენების მცდელობაზე
გია ვოლსკი - არ მიგულისხმია, რომ ზურაბიშვილს ადამიანის მკვლელობა გაუხარდა, არც ოპონენტების სიხარულში ვგულისხმობ, რომ ამის გამო ქუჩაში ცეკვავენ, საუბარი მაქვს ვითარების გამოყენების მცდელობაზე

არ მიგულისხმია, რომ სალომე ზურაბიშვილს ადამიანის მკვლელობა გაუხარდა, ვთქვი, რომ მათთან ერთად დგას, ვისაც ეს გაუხარდა და ვერანაირად ითამაშებს ნეიტრალურ, ამაღლებულ პიედესტალზე შემდგარი პოლიტიკური ფიგურის როლს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, ოპონენტებთან დაკავშირებითაც იგულისხმა არა პირდაპირი მნიშვნელობით სიხარული, არამედ ამ ვითარების გამოყენების მცდელობა, როგორმე დააზიანონ ქვეყნის სტაბილურობა.

„რასაკვირველია, ინტერპრეტაციის საშუალება იყო. უხარიათ არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ცეკვავენ და მღერიან. გაუხარდათ, რადგან ფაროსანას შემოსევა იქნება, პანდემია, თუ ადამიანის გარდაცვალება, ეს საშუალებას იძლევა, დაგეგმონ, როგორ შეუტიონ ხელისუფლებას. ეს ჯგუფია და ვიგულისხმე, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთან ერთად დგას და შუა, მესამე ან ნეიტრალური რგოლიდან მოწოდებები არის ყალბი, თვალთმაქცური. არ მგონია, რომ ჩემი დღევანდელი შეფასება ნაკლები სიმწვავის იყოს, მაგრამ არ მიგულისხმია, რომ ამ ადამიანის მკვლელობა მას გაუხარდა. ვთქვი, რომ იმ ადამიანებთან ერთად დგას, ვისაც ეს გაუხარდა და ვერანაირად ითამაშებს ნეიტრალურ, ამაღლებულ პიედესტალზე შემდგარი პოლიტიკური ფიგურის როლს. თუმცა, არც ის არის შორს, რომ იმ ჯგუფიდან კიდევ მეტი ნეგატივი მიიღოს, ვისთანაც გაიგივებულია. არ მიგულისხმია, რომ მას გაუხარდა. არც ჩვენი ოპონენტების სიხარულში არ ვგულისხმობ, რომ ქუჩაში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა. გაიხსენეთ შაქარაშვილის სიკვდილი და ბაჩალიაშვილის საქმე, თუნდაც ოპერატორის გარდაცვალება ან პანდემია და ფაროსანას შემოსევა, ეს იყო სიხარული, რაც კონკრეტულ დესტრუქციულ ქმედებებში გამოიხატებოდა. იყო ამ ვითარების გამოყენების მცდელობა, როგორმე დაეზიანებინათ ქვეყნის სტაბილურობა. სტატუსთან მიმართებაში ახლა უფრო გამოჩნდა, რამდენად სერიოზული მოკავშირე ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელიც თითქოს ევროპას მოუწოდებს, რომ ქვეყანას სტატუსი მისცეს, მაგრამ ამავე დროს ლაპარაკობს, რომ არ იმსახურებს ეს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ არის არჩეული. რადიკალური ოპოზიციის ფორმულაა დესტაბილიზაცია, რევოლუცია, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. მათი მხრიდან სტატუსის არმიცემაზეა მინიშნება და არა – პოზიტიურ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.