გია ვოლსკი - არ მგონია, შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებამ იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
არ მგონია, შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებამ იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებას, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.
„ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ჩვენ მზად ვიყავით, ყველა პუნქტზე მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა. გაუგებარია შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, რადგან იმის ნაცვლად, რომ იმ თემებზე საუბრობდნენ, ეს ყველაფერი საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ევროპარლამენტის, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს. თუ ევროკავშირს შვიდი დეპუტატი მიმართავს, შემდეგ ამას ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას.
ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. რასაკვირველია, ამაზე სკანდალური შეკითხვები შეიძლება დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში ატყდა, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება – რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, გარკვეული სანქციები დაუწესოს ქვეყანას.
არ მგონია, რომ შვიდი პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის“, – აცხადებს გია ვოლსკი.