გია ვოლსკი - არ მგონია, რომ პროტოკოლი ის თემაა, რომელსაც პოლიტიკური შეფუთვა უნდა გავუკეთოთ, თუმცა ამის მცდელობა მაინც სახეზე გვქონდა
გია ვოლსკი - არ მგონია, რომ პროტოკოლი ის თემაა, რომელსაც პოლიტიკური შეფუთვა უნდა გავუკეთოთ, თუმცა ამის მცდელობა მაინც სახეზე გვქონდა

არ მგონია, რომ პროტოკოლი ის თემაა, რომელსაც პოლიტიკური შეფუთვა უნდა გავუკეთოთ, თუმცა ამის მცდელობა მაინც სახეზე გვქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „არ შეიძლება, არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს, ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა“.

„ვერც მივხვდი. პროტოკოლთან დაკავშირებით შეიძლება, ცალკე პროტოკოლის სამსახური ესაუბროს პროტოკოლის სამსახურს, მაგრამ არა ასეთი გულანთებული პატრიოტებით, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებით სავსე დარბაზი როცაა. პროტოკოლის საკითხები ალბათ უფრო ტექნიკური თემაა, ორმა სამსახურმა შეიძლება, ეს საკითხები მოაგვაროს. არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელსაც პოლიტიკური შეფუთვა უნდა გავუკეთოთ, თუმცა ამის მცდელობა მაინც, მგონი, სახეზე გვქონდა.

არის საკითხები, რომლებიც ეხება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მინიჭების თემებს, რაზედაც ილაპარაკა პრეზიდენტმა, შესაძლოა, რაღაც თემები მართლაც გადახედვას საჭიროებდეს, ამას მუშაობა სჭირდება და არა რაღაც დაპირისპირების წარმოჩენის მცდელობა, მით უმეტეს, ასეთ სადღესასწაულო დღეს და კარგი განწყობის ატმოსფეროში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ვინც ფიქრობს, რომ კონფრონტაცია საქართველოში არის კარგი, მათ წისქვილზე წყალი უნდა დავუსხათ.

„ზოგადად, საზოგადოებისთვისაც, ჟურნალისტებისთვისაც, პოლიტიკოსებისთვისაც, ცხელთავიანებსითვისაც მათ შორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა სცეს ქვეყანამ, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ, სხვა ინსტიტუტებმაც და ყველა სიტყვასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ასეთი ხისტი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, რომ იმ ადამიანების ინტერესებშია, ვისაც მოაფიქრდა, რომ პრეზიდენტი ასეთი განცხადებებით რომ გამოდის, კარგია. ვინც ფიქრობს, რომ კონფრონტაცია საქართველოში არის კარგი, იმათ მე არა მგონია, რომ წისქვილზე წყალი უნდა დავუსხათ, მაგრამ ფაქტობრივი შეცდომები იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს ჩვენი საგარეო კურსი, რაც დღესაც დადასტურდა, რას წარმოადგენს საფრთხე, რომ ეს არ არის მოდელირებული ქრონიკა და ყოველდღიური საშიშროებაა, რომელიც მთელ მსოფლიოს უპირისპირდება და საქართველოს განსაკუთრებით. ჩვენ ვართ განსაკუთრებული გეოგრაფიული ლოკაციის ქვეყანა, მთელ რიგ ფაქტობრივ შეცდომებზე, გადაცდომებზე შეიძლება, ვუპასუხოთ, მაგრამ არ უნდა დავასხათ იმ წისქვილზე წყალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წალეკვას უპირებს დაპირისპირების მორევით“, – განაცხადა ვოლსკიმ.