გია ვოლსკი - არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ახალი საარჩევნო კოდექსი არ მიესადაგება
გია ვოლსკი - არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ახალი საარჩევნო კოდექსი არ მიესადაგება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ახალი საარჩევნო კოდექსი არ მიესადაგება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმ სტანდარტისა, რომელიც საარჩევნო კოდექსს გააჩნია, ოპონენტები შეეცდებიან, პროცესები კვლავ დესტრუქციული გზით წაიყვანონ.

„გამოგონილი მიზეზით, ოპონენტებმა თქვეს, რომ საარჩევნო უბნიდან კოორდინატორი 500 მეტრის დიამეტრში უნდა იყოს მოცილებული. გუშინ ჩვენმა ოპონენტმა, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ 25 მეტრი საკმარისი არ არის, რომ თვალებით გავლენის საფრთხე მოიხსნას. არჩართულობის გასამართლებლად ეს უსუსური პოზიცია მაფიქრებინებს, რომ მიუხედავად იმ სტანდარტისა, რომელიც საარჩევნო კოდექსს გააჩნია, ოპონენტები მაინც შეეცდებიან, რომ კვლავ დესტრუქციული გზით წაიყვანონ პროცესები.

ეს რეალობა დაგვიდგა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. გამორიცხულია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ამ კოდექსითა და ამ პირობებში რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა დარჩეს, მაგრამ ყველაფერი მაინც საზოგადოებაზე, პარტიებზეა დამოკიდებული. კონტროლის სისტემა იქნება უმაღლეს დონეზე, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა დამკვირვებლების მხრიდან.

ეს არის რეალობა და სამართლიანი განაწილება საეთერო დროის, რეკლამის. დროა, პარტიები უკვე საარჩევნო პროგრამების წარმოდგენაზე გადავიდნენ. ამ თემებზე საუბარი უნდა იყოს ახლა მთავარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.