გია ვოლსკი - უმრავლესობის სხომაზე ჩვენ დავაფიქსირეთ და შევთანხმდით, რომ აქციაზე ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო
უმრავლესობის სხომაზე ჩვენ დავაფიქსირეთ და შევთანხმდით, რომ აქციაზე ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, – განუცხადა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ პროპაგანდისტული შეტევა ძირითადად იმ მიმართულებითაა, რომ არაფერი ხდებოდა, შეჯახება არ ყოფილა და შეჯახებისას პროვოკაცია რა მომხდარა. ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არასწორია.
„ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, თქვენს შეკითხვაში ის განწყობა იგრძნობა, თითქოს არაფერი ხდებოდა და გამოვარდა გიორგი გახარია, მიიღო ზომები. მოსაზრებაზე, რომ გადაცდომა იყო, ჭარბი ძალის გამოყენება იყო და ამან ტრაგიკული შედეგი მოიტანა ზოგიერთი ადამიანისათვის, რასაკვირველია უპასუხოდ არ დარჩება. გარდა ამისა, იმაზეც იყო საუბარი, რომ არც ვთქვათ, მელიაა მარტო ის პიროვნება, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს, ბევრი ადამიანი იდენტიფიცირებულია.
საფრთხე იყო რეალური, საფრთხე იყო გარდაუვალი, რომ არა ძალის გამოყენება. რეალურად, სიტუაცია იყო ისეთი, რომ იყო სერიოზული საფრთხე. საქართველოს ასეთი გაკვეთილები გავლილი აქვს, როდესაც სერიოზულად, არა მარტო ეკონომიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად დასცა საქართველო ძირს. იგივეს გამეორება არ შეიძლებოდადა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საერთოდ, პასუხისმგებლობა ამ ოპერაციის ჩატარებაზე თავიდან ბოლომდე მინისტრის პასუხისმგებლობაა, მაგრამ თუკი ამის შემდეგ პროცესში იყო გადაცდომა და ძალის გადაჭარბება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას გამჭირვალე და სიღრმისეულმა გამოძიებამ უნდა მისცეს პასუხი“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მისი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე საუბარი იყო მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
„საუბარი იყო მათ შორის შემოჭრის მცდელობაზე, ასევე იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც გამოიყენა პოლიციამ, თუმცა აუცილებლად ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს, რა შედეგს მოიტანს და აქედან გამომდინარე, როგორც გახარიამ თქვა, თუ კი ეს პასუხისმგებლობა ამოვა იმ დონეზე, რომელზეც ის საუბრობდა, რასაკვირველია, ის მიიღებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.