გია ვოლსკი - ანაკლიის პორტით სპეკულირება არის საზოგადოების, ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის მოზიდვაზე გათვლილი
გია ვოლსკი - ანაკლიის პორტით სპეკულირება არის საზოგადოების, ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის მოზიდვაზე გათვლილი

საზოგადოების დიდ ნაწილს გვეჩვენება, რომ ანაკლიის პორტით სპეკულირება არის საზოგადოების, ამომრჩევლის გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის მოზიდვაზე გათვლილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ თავმჯდომარე, თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე პასუხისას აღნიშნა.

როგორც ხაზარაძემ გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში განაცხადა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უარი უთხრა ბრიტანელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე და რომ ხელისუფლებას არ სურს, ამ პროექტის განხორციელება.

„მე კონკრეტულად ამ ბრალდებაზე პასუხს ვერ გავცემ. ამაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გასცეს პასუხი და ზუსტად თქვას, რაშია საქმე, რამდენად რეალურია ეს ბრალდებები, მაგრამ პრინციპში არა მარტო მე, საზოგადოების დიდ ნაწილს გვეჩვენება, რომ ანაკლიის პორტით სპეკულირება არის საზოგადოების, ამომრჩევლის გარკვეული მნიშვნელოვანი ნაწილის მოზიდვაზე გათვლილი. ვინაიდან ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გავაკეთებ ისეთ პროექტს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის ესოდენ მისაღები და კარგი. არაერთხელ იყო განცხადება სამინისტროების, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსგან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან და არალოგიკური, არარეალისტურია, რომ კეთილი ინვესტორი, მით უმეტეს მძლავრი ინვესტორი, ესე ხელაღებით და ხელაქნევით არის მოშორებული თავიდან. ეს ინვესტორი აუცილებლად გააკეთებდა თავის განცხადებას“,- განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკი ამბობს, მამუკა ხაზარაძე წინასაარჩევნო განცხადებებს აკეთებს. მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის საქართველოს მთავრობისა პროექტი და არა მამუკა ხაზარაძის.

„ის ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის წინასაარჩევნო განცხადებები, რომლის უკან უნდა იყოს კონკრეტული ფაქტები. გადათვალეთ, რამდენი აქვს საქართველოს ხელისუფლებას დახარჯული ამ პორტისთვის, მიიღეთ მხედველობაში ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავრობის და საქართველოს პროექტია და არა მამუკა ხაზარაძის პროექტი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.