გია ვოლსკი - ამ აკერმანებს, ბაკურიანში შეკრებას და რევოლუციურ სცენარს სხვა არაფერი საფუძველი არ აქვს, თუ არა სააკაშვილის გამეფება
გია ვოლსკი - ამ აკერმანებს, ბაკურიანში შეკრებას და რევოლუციურ სცენარს სხვა არაფერი საფუძველი არ აქვს, თუ არა სააკაშვილის გამეფება

ამ აკერმანებს, ბაკურიანში შეკრებას და რევოლუციურ სცენარს სხვა არაფერი საფუძველი არ აქვს, თუ არა სააკაშვილის გამეფება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ სინგაპურიზაციას გვიპირებდა. ეს არც იყო დამალული, რომ სინგაპურის გზით უნდა გვევლო და ევროპასთან ურთიერთობას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები ჰქონდა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გაივსო სტრასბურგი ჩვენგან წასული საჩივრებით და ახლა ჩამოდის იმ საჩივრების პასუხები, რომ საერთოდ, ევროპის ხსენება არ იყო იმ პერიოდში, როდესაც ეს ხალხი მართავდა, ვინც ახლა ტელევიზიით საუბრობს. წამება, ქონების წართმევა და სიცოცხლის წართმევა არ არის ევროპული გზა. ეს ყველამ იცის. ამ აკერმანებს, ბაკურიანში შეკრებას და რევოლუციურ სცენარს სხვა არაფერი საფუძველი არ აქვს, თუ არა სააკაშვილის გამეფება, როგორც მათ წარმოუდგენიათ. რა ევროპული გზა დავკარგეთ?! რა პასუხი გავცე არ ვიცი. ასოცირებული წევრები არ ვართ, თავისუფალი მიმოსვლა და ვაჭრობა არ გვაქვს, ყველა რეიტინგებში უფრო წინ არ ვართ, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებში, რაც ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, თუ რა?! მსოფლიო ბანკის მონაცემებს მაინც გადახედონ ეკონომიკასთან დაკავშირებით და უამრავ სხვა რამეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში კვლავ გააქტიურდა ვადამდელი არჩევნების საკითხი, რის საფუძვლადაც პარტია ევროინტეგრაციის გზაზე მოსალოდნელ საფრთხეებს მიიჩნევს.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და მიღწევებზე ლაპარაკი არ აწყობს.

გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც მსოფლიოში და რეგიონში ასეთი მდგომარეობაა, ეს ადამიანები სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობენ და ყველაფერს იგონებენ იმისთვის, რომ როგორმე, რაღაც არეულობა მოაწყონ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ელოდებოდა თუ არა იმას, რომ ყოფილი მმართველი პარტიის წევრები უკრაინაში ასეთი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავდნენ, რადგან იქ იყო სტეფანჩუკი, არახამია და ერმაკი, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ რასაკვირველია, ეს მოსალოდნელი იყო.

„აბა, ვინ მოელოდა იმას, რომ ისინი გაებუტნენ, აღარ მიიღებდნენ და კარს მიუკეტავდნენ?! ჩვენ ამ თემიდან გამოვედით. როდესაც სტეფანჩუკი და პაპუაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და დეტალებზე ილაპარაკეს, ამ სიბნელიდან გამოვიყვანეთ სიტუაცია, როდესაც მოგვიხდა საკმაოდ მკვახე პასუხის გაცემა ძალიან მძიმე, არასწორ და შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ჩასვლამ და თბილმა შეხვედრებმა ძალიან ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი.

გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი ცდილობდა, ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ საქართველოში ხელისუფლებას რაღაც შავი ხვრელები აქვს შექმნილი, რომ რუსეთში იარაღის მიწოდება ხდებოდეს.

„ახლა, მარგველაშვილის ბრწყინვალე ინტელექტიც დაემატა ამ გუნდს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეკითხვაზე, არიან თუ არა ეს ადამიანები ამით დაკავებული ახლაც, კიევში ვიზიტის დროს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ რასაკვირველია, ეს ასეა.

„განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პაპუაშვილსა და სტეფანჩუკს შორის პოზიტიური შეხვედრა შედგა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩი და საკონსულოს თანამშრომლები უკრაინაში არიან და ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

„ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციით ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს თავიანთ ბრძოლაში. ჩვენი რესურსით რაც შეგვიძლია, ამას ვაკეთებთ. რაც შეეხება გაწვეულ ელჩს, იმედი მაქვს, ის მალე დაბრუნდება და თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.