გია ვოლსკი - ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიმარჯვებს ფორმულა, რომ საქართველო უნდა გახდეს სტაბილურობის გარანტი კავკასიის რეგიონში
გია ვოლსკი - ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიმარჯვებს ფორმულა, რომ საქართველო უნდა გახდეს სტაბილურობის გარანტი კავკასიის რეგიონში

ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიმარჯვებს ეს ფორმულა, რომ საქართველო უნდა გახდეს სტაბილურობის გარანტი კავკასიის რეგიონში, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ჩვენ ამის ძალა არ გაგვაჩნია, რომ მარტომ გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ამისთვის მსოფლიო უნდა დაინტერესდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რისთვის არის მზად ევროპა, რომ კავკასიის რეგიონი არ დაკარგოს სხვა მოთამაშეებთან ჭიდაობაში, რომლებსაც ამ რეგიონში თავიანთი ინტერესები აქვთ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ესაუბრება ყველა იმ ქვეყანას, ვისაც საქართველოს დერეფანი სტაბილური სჭირდება.

ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისი რესურსი, წარსული, აწმყო და რწმენა, რომ არ შეიძლება მონაწილეობის მიღება იმ გიჟურ გეგმაში, რასაც ჯახში ჩართვა ჰქვია, თუნდაც, აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე შეტევით.

„ისტორიაზეც ხომ უნდა იფიქრო?! შენ ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში თუ სწორ პოზიციაზე არ დადექი, მორალური ფაქტორებიც ხომ არსებობს?! მარტო ის ხომ არ არის, პრაგმატულად უყურო, დერეფანი, ნავთობი მიაწოდე, ფული მიიღე, შემოსავალი მიიღე და ქვეყანა გადაარჩინე? არსებობს კიდევ პასუხისმგებლობები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ ფაქტია, არსებობს მსოფლიო საკმაოდ ცივი სისხლით, ცივი გონებით და საკმაოდ პრაგმატული დამოკიდებულებით იმ პროცესების მიმართ, რაც მიმდინარეობს.

„ამ სიტუაციას ნებისმიერი პერსპექტივიდან რომ შეხედო, ჩვენ, მე, „ქართული ოცნება“ რასაკვირველია, უფრო მოუხერხებელი პარტნიორები ვართ, თუნდაც ამ ევროპარლამენტისთვის, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.