გია ვოლსკი - ადამიანმა პირადი თანხით იმგზავრა, ეს დანაშაული არ არის, ყველაფერი დეკლარაციაში აისახება, უნდა დავაფასოთ გამჭვირვალობა და ის, რომ პრემიერი ყოფილი პრეზიდენტივით ბიუჯეტიდან ბოტოქსს არ იკეთებს
ყველაფერი დეკლარაციაში აისახება, უნდა დავაფასოთ გამჭვირვალობა და ის, რომ ყოფილი პრეზიდენტივით პრემიერ-მინისტრი ბიუჯეტიდან ბოტოქსს არ იკეთებს, ესეც დღევანდელი მმართველობის შემადგენელი ნაწილია, ირაკლი ღარიბაშვილი არც ბოტოქსს იკეთებს, არც სამედიცინო დახმარებას იღებს და არც რაღაც მანიპულაციებისთვის ჩადის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს არ ხარჯავს.
„სამაგიეროდ, ჩვენი პრემიერის მმართველობის პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინაპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა, 90-მილიარდს, საშუალო ევროპულ სტანდარტს მიაღწევს. არის გარკვეული მონაცემები – თუნდაც სიღარიბის შემცირება, ეკონომიკის განვითარება, რაც მისი დამსახურებაა. ქვეყანა მთლიანად ლაფში იყოს ჩაფლული, იყოს სადისტური რეჟიმის მიერ მართული და ამ დროს სახელმწიფოს ხარჯზე ბოდრუმში დადიოდე და ბოტოქსს იკეთებდე, დანაშაული ეს არის. ეს კითხვები მაშინ რომ დაგესვათ, დღეს კითხვის დასმის მორალური უფლება გექნებოდათ. ის, რომ ადამიანმა პირადი თანხით იმგზავრა, დანაშაული არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს მთავრობის სტრატკომა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილთან ერთად, აშშ-ში ჩარტერული (კომერციული) რეისით გაემგზავრა. განცხადების თანახმად, აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. განცახდებაში ასევე ნათქვამია, რომ კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.