გია ვოლსკი - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებას ობიექტურობა და ბალანსი აკლია
გია ვოლსკი - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებას ობიექტურობა და ბალანსი აკლია

ეს ის შემთხვევაა, როცა მათ შეფასებას ობიექტურობა და ბალანსი აკლია. ისინი გარკვეული პოლიტიკური ფიგურების დაინტერესებას არ აფასებენ იმაში, რასაც რელიგიათა შორის დაპირისპირება ჰქვია, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „იემსისა“ და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას.

გია ვოლსკის თქმით, ის საქმე, რასაც რელიგიის სააგენტო აკეთებს, საკმაოდ ეფექტიანია.

„რაც შეეხება იმ საკითხებს, რასაც რელიგიის სააგენტო აკეთებს, შეგვიძლია, საკმაოდ ეფექტურად დავახასიათოთ. მათი მხრიდან არაერთი შეხვედრა და ურთიერთობების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარება ხდება. ის, რომ ბუკნარში დაპირისპირება მოხდა, სწორედ იმ ეპიზოდით უნდა შეფასდეს თუნდაც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას არ აქცევს, თუ როგორ ესაუბრებოდნენ მუფტის, რელიგიურ ლიდერებს და საბოლოო ჯამში, ეს დაპირისპირება რითი დასრულდა. ეს არის დემონსტრირება იმ ქართული ტრადიციის, რასაც ერთმანეთის სიყვარული და დაფასება ჰქვია. თუნდაც, გათვალისწინება ერთმანეთის ინტერესების, რომელიც საქართველოში ისტორიის მანძილზე ახასიათებდა. თუ რელიგიის სააგენტოს რაიმე გარდაქმნაა საჭირო, ის ვალდებულია, ეს ყველაფერი განიხილოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.