გია ვოლსკი - ადამიანების მობილიზება როცა ხდება, რათა სახელმწიფო წესწყობილებას თავს დაესხან, კანონში ცვლილებაზე დაჩქარებული წესით უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება
ადამიანების მობილიზება როცა ხდება იმისთვის, რომ სახელმწიფო წესწყობილებას თავს დაესხან, დაჩქარებული წესით უნდა იყოს მიღებული გარკვეული გადაწყვეტილება, რათა რევოლუციურ პროცესებს დამატებითი რესურსი, ბერკეტი არ ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ვოსლკი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას გამოეხმაურა.
„თითქოს აგრესია იმაში არ იყო, რომ შეშით მომიტინგეები გაეთბოთ, მაგრამ ეს შეშა შემდეგ ბარიკადებისთვის იყო გამოყენებული. გამოყენებული იყო, როგორც იარაღი და პოლიციელების მისამართით შეშის ნაჭრები ცვიოდა. სწორედ ეს არის ტრეინინგების მიზანი, დესტაბილიზაციისთვის მობილიზებულმა ჯგუფებმა უკეთ იცოდნენ, რა რისთვის არის გამოსაყენებელი. იგივე კარავი, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს რაღაცის შესანახად და ასაფეთქებლად. ეს ყველაფერი არის პრევენციული და შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული. თუ ამას შიშს ეძახით, დიახაც, გვეშინია და არ გვინდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული იყოს ისეთი ჯგუფები და სახელმწიფო ინტერესებს დაუპირისპირდნენ მაშინ, როცა მსოფლიოში ასეთი ტურბულენტური ვითარებაა. ქვეყანა არ უნდა დაზიანდეს. შიშის ხსენება ცოტა უხერხულია იმ ადამიანებისგან, ვინც შიში ქვეყნის მმართველობის სისტემურ მექანიზმად გადააქციეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილა. კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები.