გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ გამოძიება დაადგენს, რომ ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსში ისეთი უკანონო სამუშაოები ხორციელდებოდა, რასაც ნგრევა მოჰყვა, პასუხისმგებლობა უმკაცრესი იქნება
გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ გამოძიება დაადგენს, რომ ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსში ისეთი უკანონო სამუშაოები ხორციელდებოდა, რასაც ნგრევა მოჰყვა, პასუხისმგებლობა უმკაცრესი იქნება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ გამოძიება დაადგენს, რომ ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსში ისეთი უკანონო სამუშაოები ხორციელდებოდა, რასაც ნგრევა მოჰყვა, პასუხისმგებლობა უმკაცრესი იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ადამიანთა დიდი ჯგუფი არსებობს, ვინც ლოცულობს, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყვეს და არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც სურს, მსხვერპლი იყოს, რათა რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ.

„ამას წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს. არიან ადამიანები, ვისაც ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვა უხაროდა, რათა შეეძლოთ აქედან პოლიტიკური დივიდენდი მიეღოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.