გია ვოლსკი - 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი სიმბოლო „ნაცმოძრაობის“ სადისტური სახის, შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება
გია ვოლსკი - 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი სიმბოლო „ნაცმოძრაობის“ სადისტური სახის, შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება

საპარლამენტო ცხოვრებაში არსებობს მექანიზმები, რითაც შეიძლება, მართო სიტუაცია – შეიქმნას საგამოძიებო კომისიები, მოითხოვო მთავრობის წევრების ანგარიშების წარდგენა და როცა ამ რესურსზე უარს ამბობ მოგონილი მიზეზით, ეს ნიშნავს, რომ ელემენტარულად მუშაობის რესურსი არ გაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკიმ შეაფასა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.

გია ვოლსკი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს.

„სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიცია არ გვყავს, ეს არიან ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან სახელმწიფოს და ნებისმიერი გზით ცდილობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მაგრამ არის ოპოზიციაც, რომელიც მუშაობს, კრიტიკულია და პარლამენტში მუშაობა აინტერესებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებს, გია ვოლსკის განაცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ არსებობს გარკვეული შეთქმულება, რასაც უკავშირდება აქციები.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გრიგალის პირობებში ცხოვრობს საქართველო. ბოლო პერიოდში, ეს დაძაბულობა ახალ მუხტს იღებს, საქართველოში ოპოზიცია როგორც ასეთი, მისი უმრავლესი ნაწილი არ ასრულებს თავის მოვალეობას და მთავარი თემა იმ დღის წესრიგიდან არ გამოსვლაა, რაც სააკაშვილმა შესთავაზათ – რევოლუცია, დესტაბილიზაცია. ოპოზიციას ამ ყველაფრის გადახედვა მართებს. მათ საკმაო ინტელექტუალური რესურსიც არ აქვთ იმისათვის, რომ განახორციელონ ეფექტური მართვა ამ პროცესების, ჩაერთონ ეკონომიკურ, სოციალური საკითხების განხილვაში. აქედან გამომდინარე, აქციების შემოთავაზება უკავშირდება იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებობს გარკვეული შეთქმულება, დესტაბილიზაცია. ეს არის გეგმა და ფეხდაფეხ ვითარდება ეს პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან ერთად. აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ამას ვერ გეტყვით. 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი სიმბოლო „ნაცმოძრაობის“ სადისტური სახის. შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.