გია ვოლსკი - 2020 წელს რომელი პარტია იქნება წინა პლანზე, ჯერ არავინ იცის
გია ვოლსკი - 2020 წელს რომელი პარტია იქნება წინა პლანზე, ჯერ არავინ იცის

2020 წელს რომელი პარტია იქნება წინა პლანზე, ეს ჯერ არავინ იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი მოძრაობის დაანონსებაზე კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ეს ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიული ქვეყნისთვის.

„2020 წელს რომელი პარტია იქნება წინა პლანზე, ეს ჯერ არავინ არ იცის, თუ არა რაღაცა პოლიტიკური სპეკულაცია, ან სხვა პოლიტიკური ექსპლუატაცია ამ თემისა, მე არ მგონია, რომ სხვა რაიმე სერიოზული მოსაზრება ჰქონდეთ. პოლიტიკოსებისთვის მით უმეტეს ამ თემაში შესვლა, არა მგონია სწორი იყოს. ექსპერტებმა რამდენიც უნდათ ისაუბრონ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პარტიის შექმნა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ეს ალბათ ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიული ქვეყნისთვის“,- განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკი ამბობს, თუ ოპოზიცია მამუკა ხაზარაძის მოძრაობას უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის თავს მე-10 ან მე-2 თუმდაც ადგილზე აყენებენ.

„მე არ გამიგია, რომ ოპოზიციამ თავის გამარჯვებაზე უარი თქვა, განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მამუკა ხაზარაძეს გადაულოცა წინაპირობა. ყველა თემა არის ექსპლუატირებული იმისთვის, რომ რაღაცა ახალი სკანდალი შემოიტანონ საინფორმაციო ველზე. თუ იმას უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის თავს აყენებენ მე-10 ან მე-2 პლანზე. ეს არ არის საკითხი. საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ მიმდინარე გამოძიება, უკავშირდება თუ არა მის პოლიტიკურ ამბიციებს. აი, ამ თემის ექსპლუატაცია მიმდინარეობს. არ შეიძლება ადამიანმა დააშაოს, ან დანაშაულების ნიშნები ჰქონდეს მის მოქმედებას და მხოლოდ იმიტომ, რომ ის პოლიტიკურ ასპარეზზე აპირებს გამოსვლას, აქედან გამომდინარე რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, ან საგამოძიებო სტრუქტურებს შეეშინდეთ იმისა, რომ პრინციპული პოზიცია დაიკავონ ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით. იქნება ეს ტელევიზიის მფლობელები, რომლებიც არ ჩანან, გენერალური დირექტორი, თუ სხვა, ვისაც გააჩნია ამბიცია პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის“,- განაცხადა ვოლსკიმ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ სექტემბრიდან ახალი მოძრაობის ჩამოყალიბება დააანონსა.