გია ნიჟარაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცვლილებების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პრეზიდენტთან ურთიერთგაგება გვქონდა
გია ნიჟარაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცვლილებების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პრეზიდენტთან ურთიერთგაგება გვქონდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის გია ნიჟარაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხებისა და ცვლილებების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პრეზიდენტთან ურთიერთგაგება ჰქონდათ. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გია ნიჟარაძის თქმით, ყველაზე პრობლემატური რეკლამის საკითხი იყო.

„შეხვედრას ცალსახად, შევაფასებ დადებითად. მიმოვიხილეთ ძირითადი საკითხები. აბსოლუტურ უმრავლესობაზე ამ საკითხები ჩვენ შევთანხმდით და ერთიანი ხედვა გვაქვს. ყველაზე პრობლემატური რეკლამას შეეხებოდა და ეს არის პრობლემა, რომელზეც საფიქრალი ალბათ ყველას გვაქვს. საკითხებისა და ცვლილებების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ურთიერთგაგება გვქონდა.

ბატონმა პრეზიდენტმა მოიყვანა თავისი არგუმენტები იმ ნაწილზე, რაც რეკლამას შეეხებოდა, ჩვენ ჩვენი ხედვა ვუთხარით, რადგან არ იყო ერთნაირი. საბჭოს წევრებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ ხშირად, მაგრამ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხი, რომელზეც ყველას გვაქვს სამუშაო და მოსაფიქრებელი, რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გია ნიჟარაძემ.