გია მურღულია - ევროპარლამენტარები პირდაპირ ამბობენ, რომ დეპოლარიზაციაში პირველ რიგში იგულისხმება პოლიტიკური კულტურის ამაღლება, რომ ადამიანებმა შეძლონ ერთად ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა
გია მურღულია - ევროპარლამენტარები პირდაპირ ამბობენ, რომ დეპოლარიზაციაში პირველ რიგში იგულისხმება პოლიტიკური კულტურის ამაღლება, რომ ადამიანებმა შეძლონ ერთად ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა

ახლა ჩვენ რაღაც იდეებს გვთავაზობენ, გვეუბნებიან, მოდით, ეს ხელისუფლება გავუშვათ, რაღაც საყოველთაო თანხმობაზე დაფუძნებული მთავრობა შევქმნათო. პირველი კითხვა ასეთია, სად არის ეს თანხმობა?! ვინ ვის უთანხმდება?! – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, პედაგოგმა გია მურღულიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მურღულიას თქმით, ევროპარლამენტარები პირდაპირ ამბობენ, რომ დეპოლარიზაციაში პირველ რიგში იგულისხმება პოლიტიკური კულტურის ამაღლება, რომ ადამიანებმა შეძლონ ერთად ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა.

„თანხმობაში ვინმე იმას თუ გულისხმობს, რომ შენ წადი, გადაშენდი აქედან და მე მოვალ, ეს თანხმობა არ არის, ეს არის კაპიტულაცია და ამ კაპიტულაციაზე არავინ არ წავა, არც უნდა წავიდეს. ვფიქრობ, დღეს საზოგადოების პირდაპირი დაკვეთაა, ყველანი დასხედით ერთად. პირველ რიგში ეს ეხება ოპოზიციას, რადგან ხელისუფლებამ შესთავაზა მათ გარკვეული წინადადებები, რასაც ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა და ნაწილი – არა. ევროპარლამენტარები პირდაპირ ამბობენ, რომ დეპოლარიზაციაში პირველ რიგში იგულისხმება პოლიტიკური კულტურის ამაღლება, რომ ადამიანებმა შეძლონ ერთად ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა. ეს არის ჩვენი დაკვეთა. დანარჩენს მერე ჩვენ მივხედავთ. მასწავლებელი ასწავლის, ექიმი ოპერაციას გააკეთებს და პოლიციელი თავის საქმეს მიხედავს.

ქართულმა პოლიტიკურმა კულტურამ ბოლოს და ბოლოს უნდა დაამკვიდროს დამარცხების კულტურა. ყველა ვერ გაიმარჯვებს. პოლიტიკა ისეთი საქმეა, რომ ყველა ერთად სიამოვნებას ვერ იღებს, ვიღაც გამარჯვებულია, ვიღაც დამარცხებული. დამარცხებულმა უნდა ისწავლოს ამასთან შეგუება, ფიქრი და ინტელექტუალური ბრძოლა, რათა შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვოს“, – განაცხადა გია მურღულიამ.