გია ჯაფარიძე - მათ უნდათ, შევიდეთ კანონის შინაარსში, „ქართული ოცნების“ ველზე არ უნდა გადავიდეთ, მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ, რომ კანონი არის რუსული 
გია ჯაფარიძე - მათ უნდათ, შევიდეთ კანონის შინაარსში, „ქართული ოცნების“ ველზე არ უნდა გადავიდეთ, მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ, რომ კანონი არის რუსული 

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის რუსული, მუდმივად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, „ქართული ოცნების“ ველზე არ უნდა გადავიდეთ – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარმა, გია ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, მან ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი კვლავ გამოიტანა განსახილველად.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ მოიტანდნენ ისევ, უბრალოდ, არ ვიცოდი, ამას როდის გააკეთებდნენ. ანუ, როდის ჩათვლიდნენ, რა მომენტში დადგებოდა მათთვის კარგი დრო, რომ მოეტანათ ეს კანონი. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ახლა არის სწორი „თაიმინგი“. ამის პირველი მიზეზი მგონია, რომ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ვეღარ აკეთებდნენ იმას, რასაც მანამდე აკეთებდნენ. ეს პროპაგანდა აღარ მუშაობს. ამის მიზეზი არის ბოლო ორი თვის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან მუდმივი საუბარი ადამიანების რეალურ პრობლემებზე. ბოლო პერიოდი ოპოზიცია საუბრობს მხოლოდ უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, ქვეყნიდან ადამიანების მასობრივ გადინებაზე. ანუ იმ პრობლემებზე, რომლებსაც მართლა ყოველდღე აწყდება საქართველოს მოქალაქე. ამ ველზე გადმოსვლა „ქართულ ოცნებას“ ხელს არ აძლევს, რადგან აქ ყოველთვის წააგებს. ამ დროს ხვდებიან, რომ პროპაგანდა, რომელიც არ მუშაობს, მათ ძალიან მაგრად ურტყამს და აზიანებს. ამიტომ ურჩევნიათ, რაღაც ისეთი თემა შემოიტანონ, რომელიც მთლიანად წაიღებს სივრცეს. სცადეს შემოტანა და ეს იყო, ვთქვათ, კვოტების თემა, რომელიც ცუდად მოხვდათ, რადგან არ აჰყვა ოპოზიცია, სამაგიეროდ, გააბრაზეს ქალები; ეს იყო ლგბტ თემა, რომელსაც ასევე არავინ აჰყვა, რადგან მართლა არ არსებობს ქვეყანაში ეს თემა და თითიდან გამოწოვილი რაღაც მოაქვთ. ვერ წამოიკიდეს. ამიტომ შემოიტანეს ისეთი თემა, რომელიც გადაფარავს იმაზე საუბარს, რაზე საუბარიც მათ არ სურთ;

მეორე ნაწილი მგონია კვლევების საკითხი. ისინი კვლევებში მაინცდამაინც კარგად ვერ არიან. 45 და 50 პროცენტი მაქვსო, ეს ტყუილია, რადგან ქუჩაში რომ გავიდეთ, ყოველი მეორე ან მესამე უნდა გხვდებოდეს „ქართული ოცნების“ მომხრე და აღარ მხვდება. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზია ეს, რის გამოც კანონპროექტი შემოაგორეს და აპირებენ, გრძელი განხილვა იყოს, რომელიც, სავარაუდოდ, უნდა დაასრულონ, როცა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ივლისშიც გადაიტანონ, რადგან სტუდენტებს ფინალური გამოცდები აქვთ, შემდეგ უკვე სემესტრი მთავრდება და ფიქრობენ, რომ ახალგაზრდები აღარ იქნებიან თბილისში. ივლისში კიდევ რუსთაველის გადათხრას აპირებენ. ყველაფერი იქით მიდის, რომ შეიძლება ზაფხულში გაიტანონ ეს კანონპროექტი;

მესამე არგუმენტია, რომ წინა წლის დეკემბერში საქართველოს მისცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამით ევროპის კავშირმა, ასე ვთქვათ, მოხაზა ტერიტორია, რომელიც არის საქართველოს ტერიტორია, ეს არის საქართველოს ინტერესები, ხმამაღლა ითქვა – ლისაბონიდან თბილისამდე და რუსეთს მიუთითა, გაუვლო ხაზები, სად არის ევროპის კავშირის ინტერესები. ამაზე მოსალოდნელი იყო რუსების პასუხი, რომ რაღაცას გააკეთებდნენ. ვფიქრობ, ეს არის რუსების პასუხი – შენ კი გაავლე რაღაც ხაზები, მაგრამ აქ ასე არ არის. შენ რომ ხაზებს ავლებ, აი, მე რისი გაკეთება შემიძლია. მეც შემიძლია, ხაზი გაგივლო, რადგან, სინამდვილეში, მე საერთოდ აქ მთავრობას ვაკონტროლებ. ამის გარდა, კიდევ შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს. მეორედ რომ შემოაქვს კანონი, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მომზადებული არიან კანონის გასატანად, მეტ ძალასაც გამოიყენებენ, მეტი იმედიც აქვთ რუსეთის. ბევრი რაღაცის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, გარდა იმისა, რაც ვთქვი, რომ ალბათ „თაიმინგს“ ამთხვევენ ისეთს, რომ აქ ახალგაზრდები არ იყვნენ. მათ არ იციან, რომ ახალგაზრდები თუ წავლენ, რამდენიმე საათში თბილისში იქნებიან. განწყობას ხომ ვხედავ, მეორე დღესვე უამრავი ახალგაზრდა შემხვდა და ყველამ მკითხა, აბა, ახლა რას ვშვებითო. ამ ადამიანებს ვერ გააჩერებენ, წავლენ და ჩამოვლენ. სადაც არ უნდა იყვნენ, ისინი მაინც მოგროვდებიან საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. 26 ოქტომბერს ყველა აქ იქნება. მე ვიაზრებ ამას, რომ ისინი უფრო მზად არიან. განსხვავებული მესიჯებიც შემოგვთავაზეს, განსხვავებული გზავნილები აქვთ, რიტორიკა განსხვავებულია. მათ უნდათ, რომ შევიდეთ, განსაკუთრებით, შინაარსში, რათა ჩაიკარგოს, რომ ეს რუსული კანონია. არა, ეს არის რუსული კანონი, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ სულ, არ უნდა გავყვეთ, იმათ ველზე არ უნდა გადავიდეთ. რასაკვირველია, რუსული კანონია“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.