გია იაკობაშვილი - პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოთხი საკითხიდან სამზე აზრთა სრული თანხვედრა იყო
გია იაკობაშვილი - პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოთხი საკითხიდან სამზე აზრთა სრული თანხვედრა იყო

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოთხ ძირითად საკითხიდან სამზე აზრთა სრული თანხვედრა იყო. მისივე თქმით, რაც შეეხება მეოთხე, მაუწყებელზე კომერციული რეკლამის საკითხს, ორივე მხარემ საკუთარი არგუმენტები დაასახელა.

“ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო, პრინციპში არის ოთხი ძირითადი საკითხი. სამზე არის სრული თანხმობა და მიმაჩნია,  რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელოვნურადაა შექმნილი დისკუსია. რაც შეეხება მეოთხე, რეკლამის საკითხს, ეს არის სადისკუსიო და სამსჯელო. რატომღაც დამკვიდრდა ისეთი აზრი და მიმდინარეობს იმის ტირაჟირება, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღის ეთერის სარეკლამო ბაზარში შევა, ვიღაცას რაღაც მოაკლდება. მე პირიქით მგონია, თუ შემოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი აქ, ამ ბაზარზე, დღის ეთერზეა საუბარი, ვინმეს რამე კი არ მოაკლდება, არამედ ამ ბაზარს დაემატება თანხა. ამდენად, მე მთელი ამ ამბის ფსიქოლოგიური მხარე უფრო მაინტერესებს. კერძოდ კი ის, რომ ამ ოთხიდან სამი საკითხი ძალიან მარტივია და რატომ მიდის მაინც ამ სამზე დისკუსია და ხომ არ არის რაღაც ხელოვნურად შექმნილი იმისთვის, რომ რაღაც სოუსი, გარნირი შეუქმნან მთავარ საკითხს, რომელზეც შეიძლება ფიქრი, კამათი, დისკუსია და საერთო აზრის ჩამოყალიბება. ოთხი საკითხიდან სამზე სრული თანხვედრა იყო პრეზიდენტთანაც. რაც შეეხება მეოთხე საკითხს, ჩვენ ჩვენი არგუმენტები მოვიშველიეთ როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე პრეზიდენტის მხრიდან”, – განაცხადა იაკობაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.