გია გეგუჩაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებასა და მოლოდინებზე ისაუბრა.
ცნობილია, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები ერთი კვირის წინ გაიყიდა და სტადიონის ბოლომდე შევსება გარანტირებულია.
„პირველ ეტაპზე ქართული გუნდების შანსებს რაც შეეხება, იმედია, ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვას მოახერხებენ. ბათუმის „დინამოს“ რაც შეეხება, ყოველთვის ვცდილობთ, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ.
მატჩამდე ემოციური ფონი და მღელვარება იგრძნობა. ასეთი რამ დიდ ფეხბურთელებსაც ემართებათ და არ მიკვირს. იმედია, თამაშამდე ამ ფონს დავძლევთ და ყველაფერი კარგად იქნება. ფავორიტი? ეს მაინც უხერხული სიტყვაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. დანარჩენი მინდორზე გამოჩნდება.
ორი დღეა, გუნდთან ერთად გიორგი ზარიაც ვარჯიშობს. ჯერ არ ვიცით, თამაშს შეძლებს თუ არა. ალბათ, უფრო ვერ მოახერხებს. ყველა დანარჩენი სრულ მზადყოფნაშია. ვეღარ დაგვეხმარება თორნიკე გაფრინდაშვილი, რადგან კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.
თორნიკე ჩვენი გუნდის წინაშე ვალმოხდილია და საშუალება მივეცით, უცხოეთში წასულიყო. იმედია, პოლონეთიდან ნაკრების წევრობის კანდიდატად ან წევრად დაგვიბრუნდება“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.