გია გეგუჩაძე - შეიძლება კარგიც არის, „სლოვანში“ ქართველები რომ თამაშობენ #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ბრატისლავაშია და „სლოვანთან“ შეხვედრამდე „ტეჰელნო პოლეზე“ მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჩემპიონთა ლიგაზე სლოვაკეთის ჩემპიონთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
„ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. „სლოვანი“ მოთამაშეებითაც გამორჩეულია და გუნდურადაც ძლიერი მეტოქეა. ჩვენ ყოველთვის გამარჯვების სურვილი გვაქვს. ვფიქრობ, ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი ბათუმში უნდა გაირკვეს. ეს არის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში, ბევრი რამის მომცემი და ასევე დამატებითი სტიმულია, რადგან შეხვედრის შემდეგ ჩვენი ძალების სწორად შეფასებას შევძლებთ“, – განაცხადა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა.
გია გეგუჩაძემ სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმერ ვაისზეც ისაუბრა და მასთან თანამშრომლობის პერიოდი გაიხსენა:
„ჩვენ ერთ დროს თანამშრომლებიც ვიყავით და ერთ გუნდს ვემსახურებოდით – ის იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, მე კი – ახალგაზრდული ნაკრების. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ბუნებრივი პროცესი გახლდათ და მაშინ საკმაოდ დავახლოვდით. ახლა ვაისი ჩვენი გუნდის ოპონენტია“.
ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს კითხვა „სლოვანის“ ქართველ ლეგიონერებზეც დაუსვეს:
„ის ფეხბურთელები, ვისთანაც ვახლობლობთ, ხვალ „სლოვანის“ ღირსებას დაიცავენ. შეიძლება, ეს ჩვენთვის კარგიც იყოს… გვიხარია, რომ სლოვაკური ფეხბურთის ღირსებას წარმატებით იცავენ, მაგრამ ჩვენც გვინდა, ჩვენი დავამტკიცოთ. ეს არის წმინდა საფეხბურთო დაპირისპირება“.
ბათუმის „დინამო“ სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანს“ დღეს, 6 ივლისს ბრატისლავაში დაუპირისპირდება, ხოლო 13 ივლისს განმეორებით შეხვედრაში „აჭარაბეთ არენაზე“ უმასპინძლებს.