გია გეგუჩაძე ამბობს, რომ საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ „H-გრუპზე“ გადაცემის საკითხი მალე გადაწყდება. ამის შესახებ ბათუმის„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„მე რაც ვიცი, გუნდის გადაცემის იურიდიული საკითხების მოგვარება მთავრდება და იმედია, ბათუმის „დინამო“ „H-გრუპს“ ოფიციალურად მალე გადაეცემა. ეს საჭირო და დროული გადაწყვეტილება იქნება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გია გეგუჩაძე.
ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი არ გამორიცხავს, რომ „დინამო“ ახალი წლიდან კიდევ რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებს. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსაც.
„ალბათ, ასეთი ტრანსფერები რეალური იქნება. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მუდამ ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბათუმის „დინამოს“ გაძლიერება შეუძლიათ. ერთ ადგილზე გაჩერება არ გვინდა. ყველა ნორმალური კლუბი ასე მუშაობს“, – აღნიშნავს გეგუჩაძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ 28 ტურის შემდეგ მოპოვებული 58 ქულით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერია და კონკურენტ თბილისის „დინამოს“ ქულით უსწრებს.