გია გეგუჩაძე - ახალი ჰიბრიდული საფარი ისეთი კარგია, აქ ნამდვილი ფეხბურთის თამაში შეიძლება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „დინამო თბილისიდან“ მოგებულ (1:0) შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და ბათუმელ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
„უპირველესად უნდა ვთქვა, რომ დღეს ეს ლამაზი სტადიონი გუნდის განკარგულებაშია – ბრწყინვალე სტადიონია. ფეხბურთელების აზრიც შემიძლია გადმოგცეთ, რომ მართლაც სასწაული გარემოა და სასწაული მინდორი გვაქვს. ეს სრულაიდ საქართველოს გვიხარია და ეს არის მართლაც ძალიან ემოციური მომენტი ჩვენს ცხოვრებაში და არა მხოლოდ ბათუმის „დინამოსთვის“ – ამ ყველაფერს ვულოცავ გუშემატკივრებს, სხვადასხვა შეჯიბრებების მონაწილეებს, ვისაც აქ თამაში მოუწევს. მეორეს მხრივ, დიდი წნეხი იყო ეს გარემო და ახალი სტადიონი – ჩვენ ფან-კლუბისა და გულშემატკივრის წინაშე. ეს გუნდს, ფეხბურთელებს და თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობას სძენდა. ეს დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.
მისი აზრით, ბათუმის „დინამომ“ დამსახურებულად მოიგო: „მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ, რადგან ბრძოლა პირველი ადგილისთვის მიდიოდა. ამან ორივე გუნდზე იმოქმედა. ვიტყვი, რომ ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ, რადგან თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგვიშვია. ეს ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა. ამ გამარჯვებას ჩვენს ფან-კლუბს და გულშემატკივრებს, მთელ ბათუმს ვულოცავ. გუნდი საკუთარ სტადიონზე თბილისიდან დაბრუნდა და ამ ყველაფერმა საჩვენოდ ითამაშა“.
გეგუჩაძემ ახალ საფარზეც გააკეთა კომენტარი: „ეს ახალი ჰიბრიდული საფარი ისეთი კარგი სათამაშოა, ყველა გუნდს ეხმარება. აქ შეიძლება ფეხბურთის თამაში. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ისეთი არენა არ არის სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება. ეს მართლაც საუკეთესო საფარია“.
12 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 25 ქულა დააგროვა და ანალოგიური მაჩვენებლის მქონე „დინამო თბილისს“ (25 ქულა) გადაასწრო, რადგან მიმდინარე სეზონში ორივე შეხვედრა მოუგო.