გია გაჩეჩილაძე - ოპოზიციის ქმედებები ე.წ. მეხუთე კოლონის საქციელია
გია გაჩეჩილაძე - ოპოზიციის ქმედებები ე.წ. მეხუთე კოლონის საქციელია

სიმბოლურია, რომ ე.წ. ოპოზიცია არ ესწრება დღეს სხდომას. რა თქმა უნდა, ვერც დაესწრება იმიტომ, რომ თქვენი დღევანდელი გამოსვლა მთლიანად ანგრევს მათ ნარატივს, რომლითაც ისინი მუშაობენ გარეთაც და შიგნითაც, რომ თითქოს ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები არ გვყავს და შეერთებული შტატები და ნატო არ არიან ჩვენთან დაახლოვებული, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს.

გია გაჩეჩილაძემ შეფასებით, ოპოზიციის ქმედებები მეხუთე კოლონის ჩვეულებრივი საქციელია.

„ეს ასეც იქნება იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღდეგ. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს, როდესაც ისინი ვარდების რევოლუციის დროს მიტინგებს აწყობდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი უშუალოდ ესწრებოდა ამ მიტინგებს და შუამავალი იყო იმ პროცესში შევარდნაძესთან. 2007 წელს მათ აღადგინეს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და საზღვრები მოუნიშნეს რუსებს მომავლი ომისათვის. ყველამ იცის ისიც, რომ დამალეს რუსეთის აგრესია 7 და 8 აგვისტოს და გაეროშიც კი არ განაცხადეს ამის შესახებ. ყველამ იცის იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქე დანიშნეს 2008 წლის დეკემბერში და ის ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია და საპრეზიდენტო არჩევნებში მას ჩამოყვანილი ჰყავდა კრემლთან დაახლოვებული პიარ მანქანა. ყველამ იცის იმის შესახებ, რომ 2010 წელს. როდესაც ჰააგის ტრიბუნალმა ომთან დაკავშირებით რუსეთის საწინააღმდეგო მასალები მოსთხოვა, არ მიიტანეს და ეს პროცესი ჰააგის ტრიბუნალში შეწყდა. ყველამ იცის, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცეს და რა გასაკვირია ის ამბავი, რომ დღეს ისინი როგორც რუსეთის, ოკუპანტების პიარ მანქანა მუშაობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ , საქართველოს შეიარაღებული ძალების, პოლიციის, ეკლესიის და სხვა ინსტიტუტების წინააღმდეგ. ეს ბუნებრივი, მეხუთე კოლონის ჩვეულებრივი საქციელია და ისინი აქტიურდებიან იმ შემთხვევაში, როდესაც აშშ ჯაველინებს გვაძლევს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებს აწვდის. ბუნებრივია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში, როდესაც 2 აპრილის მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს უშუალო მონაწილეობის თაობაზე, ისინი კვლავ გააქტიურდებოდნენ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ.

დატოვე კომენტარი