გია გაჩეჩილაძე NDI-ს კვლევის შედეგებს მედიის დამოკიდებულებას, ხელისუფლების გარკვეულ შეცდომებსა და საგარეო ფაქტორებს უკავშირებს
გია გაჩეჩილაძე NDI-ს კვლევის შედეგებს მედიის დამოკიდებულებას, ხელისუფლების გარკვეულ შეცდომებსა და საგარეო ფაქტორებს უკავშირებს

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით NDI-ს კვლევის შედეგებს მედიის დამოკიდებულებას, ხელისუფლების გარკვეულ შეცდომებსა და საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. ჟურნალისტებთან საუბარში გაჩეჩილაძე ამბობს, რომ რადგანაც მედია ნეგატიურია, საზოგადოებაში შესაბამისი განწყობები იქმნება.

„რომ გითხრათ, გეწყინებათ, მაგრამ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის შუამავალი მედიაა. ვინაიდან, მედია ნეგატიურია, საზოგადოებაში შესაბამისი განწყობები იქმნება, არადა, საერთაშორისო ორგანიზაციების შედეგებს თუ ნახავთ, ეკონომიკურ ზრდაზე, დემოკრატიულ პროცესებზე და ა.შ. ქვეყანა წინ წასული და პროგრესულია. მედია უფრო ობიექტური უნდა გახდეს. როცა მუშაობ, შეიძლება შეცდომები დაუშვა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2008 წლის ბოლოს გლობალური ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და დოლარის ვარდნამ ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ფასები გაიზარდა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, 74 პროცენტი, NDI-ის კვლევების ისტორიაში მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა, აღნიშნავს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას. ამასთან, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ასახელებს კონკრეტულ პარტიას, როგორც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფს. მოქალაქეების 18 პროცენტი ასეთ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 10 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 3 პროცენტი „ლეიბორისტულ პარტიას“. ყველა სხვა პარტია რესპონდენტთა სამმა პროცენტზე ნაკლებმა დაასახელა.