გია ჟორჟოლიანი - უმრავლესობას შეუძლია, გააგრძელოს დიალოგი იმ დეპუტატებთან, რომელთა შეთანხმების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია
გია ჟორჟოლიანი - უმრავლესობას შეუძლია, გააგრძელოს დიალოგი იმ დეპუტატებთან, რომელთა შეთანხმების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა. მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩიხში შესული მოლაპარაკება კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და არასტაბილურს ხდის.

„ის, რომ დიალოგის გაგრძელება შეუძლებელია, არ შეესაბამება სინამდვილეს. პარლამენტში, უმრავლესობაში არის 93 დეპუტატი, არის ასევე 28 დეპუტატი, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ და არც „ევროპულ საქართველოში“. ამ დეპუტატების მნიშვნელოვან ნაწილს გამოთქმული აქვთ მოსაზრებები, რომ მზად არიან, იმსჯელონ უფრო მეტად პროპორციული და ინკლუზიური, წარმომადგენლობითი და ჩართულობის მქონე სისტემის თაობაზე. ასე რომ, ახლა ამ საკითხის დაძვრა ადგილიდან, თუ ასეთი სურვილი აქვს უმრავლესობას, ნამდვილად შეუძლია და მას შეუძლია, გააგრძელოს ეს დიალოგი იმ დეპუტატებთან ერთად, რომელთა შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, დიალოგი არ გულისხმობს ულტიმატუმებს.

„ამიტომ, მზადყოფნა იმისათვის, რომ მეტად პროპორციული და მეტად ინკლუზიური იყოს საარჩევნო სისტემა, რაც გაზრდის ნდობას არჩევნების მიმართ და გაზრდის ლეგიტიმურობას არჩევნებისა, რაც ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე საკუთრივ 2020 წლის არჩევნები. ანუ, ეს არჩევნები უნდა იყოს აღიარებული, როგორც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, ასევე ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ. ამიტომ, მე მგონია, რომ დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი და მივმართავ უმრავლესობას – თუ მას აქვს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ცალკეული, პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ და აი, ამ ორპოლუსიან სამყაროში ვცხოვრობთ, ამათ გარდა სხვა ხალხი საქართველოში არ ცხოვრობს. თუ ასე არ დავინახავთ სინამდვილეს და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას პოზიტიური ნაბიჯები.

ასე ვთქვათ, ბურთი „ოცნების“ მოედანზეა, ოღონდ დრო არ ითმენს. ამ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს გარკვეულ დროს, პროცედურებს და ა.შ. ასე რომ, თუ უახლოეს დღეებში არ დაიწყება კონსულტაციები ამ მიმართულებით, ეს შეიძლება აღქმული იყოს მხოლოდ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე ყველა დაინტერესებული აქტორის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მიერ, როგორც მინიმუმ არასაკმარისი ძალისხმევის გამოვლენა უფრო სანდრო, ლეგიტიმური, უფრო პროპორციული და უფრო ინკლუზიური საარჩევნო სისტემის დამკვიდრებისკენ“, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.